სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში მინისტრი გიორგი მღებრიშვილი წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის საკითხებზე გაეროს სპეციალურ მომხსენებელს, ხუან მენდეზს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა უკანასკნელ წლებში სასჯელაღსრულების სისტემაში წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის მიმართულებით გადადგმული წარმატებული ნაბიჯები, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
„განვიხილეთ 2012 წლის შემდეგ სასჯელაღსრულების სისტემაში წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის მიმართულებით ჩვენი მთავრობის მიერ გადადგმული წარმატებული ნაბიჯები.
პოლიტიკური ნებისა და უწყვეტი მუშაობის შედეგია ის, რომ საბოლოოდ დავძლიეთ ისეთი სისტემური პრობლემები, როგორიცაა წამება და არაადამიანური მოპყრობა, დაწესებულებების გადატვირთულობა, არასათანადო ჯანდაცვა და ა.შ.
ვისაუბრეთ უკვე პარლამენტში ინიცირებულ რეფორმის პროექტზე, რომელიც არსებითად ცვლის სისტემის არსებულ მოდელს და ითვალისწინებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სრულ ინტეგრაციას სამინისტროში, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის გაძლიერებას, სოციალური სამსახურის დამოუკიდებლობას და უზრუნველყოფს კიდევ უფრო მეტ სამოქალაქო კონტროლსა და გამჭვირვალობას“-განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
ხუან მენდეზი გაეროს სპეციალური მომხსენებლის სტატუსით საქართველოში პირველად იმყოფება. ვიზიტის მიზანს დახურულ სისტემაში მოთავსებულ პირთა მოპყრობასთან დაკავშირებული მდგომარეობისა და აღნიშნული მიმართულებით არსებული დინამიკის შესწავლა წარმოადგენს.
ვზიტის ფარგლებში იგეგმება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის ადგილზე შესწავლა. გაეროს სპეციალური მომხსენებლის საბოლოო ანგარიში და თანდართული რეკომენდაციები რამდენიმე თვეში გამოქვეყნდება.
წინასწარ კომენტარებსა და რეკომენდაციებს მენდეზი პრესკონფერენციაზე წარმოადგენს, რომელიც 19 მარტს, 17:30 საათზე სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართება. 2016 წლის მარტში გაეროს სპეციალური მომხსენებელი თავის საბოლოო ანგარიშს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს წარუდგენს.