13 მარტს ქ. თბილისის საკრებულოს დარბაზში ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ხელმისაწვდომობის მხარდამჭერი საინფორმაციო კამპანიის „სამიზნე სიცოცხლისთვის“ ფარგლებში, კოალიცია „ევროპა დონა საქართველო“-ს ორგანიზებით ქეთი კავალსკის ფოტოების გამოფენა გაიმართა.
გამოფენაზე იმ ქალბატონების ფოტოები წარმოადგინეს, რომლებიც დღეს ძუძუს კიბოს დასამარცხებლად იბრძვიან.
ღონისძიებას სასჯელაღსრულების N5 დაწესებულების ძუძუს კიბოთი დაავადებული მსჯავრდებული ქალბატონი დაესწრო, რომელიც საღამოზე ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიციის „ევროპა დონა საქართველო“-ს საპატიო წევრად აირჩიეს და შესაბამისად, კოალიციის მხრიდან უფლებამოსილია დაავადების შესახებ ინფორმაცია(პრევენციული ღონისძიებები, თავის დაცვა) მსჯავრდებულებს გააცნოს.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ყოველთვის თანადგომას უცხადებს მსჯავრდებულ ქალბატონებს, სთავაზობს მათ მრავალმხრივ სამედიცინო მომსახურებას, მათ შორის ძუძუს კიბოთი დაავადებულ მსჯავრდებულებს, რომელთაც სახელმწიფო სრულ მკურნალობას უფინანსებს.
სასჯელაღსრულების სამინისტრო იზიარებს სლოგანს - „ძუძუს კიბო განაჩენი არ არის!“ და უერთდება მოცემულ აქციას რომლის მიზანსაც წარმოადგენს საზოგადოების ინფორმირება ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ეფექტურობისა და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდის მხარდამჭერი კამპანიის შესახებ.