ყოველი წლის მარტის ბოლო შაბათს 28 მარტს ადგილობრივი დროით 20:30-დან 21:30 მსოფლიო „დედამიწის საათს“ მეცხრედ, საქართველო კი უკვე მეშვიდედ აღნიშნავს.
ღონისძიების მთავარი მიზანია კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა, საკუთარი ქცევის შეფასება და შეცვლა გარემოს სასარგებლოდ. კამპანია “ერთი საათის ფარგლებს” უკვე გასცდა და მიზნად ცხოვრების წესად დამკვიდრებას ისახავს.
კლიმატის ცვლილება დედამიწის ყველაზე რთული და კომპლექსური გარემოსდაცვითი პრობლემაა. მის ცვლილებაზე ზემოქმედების შესაძლებლობის შანსი ამ ეტაპზე არსებობს, ხვალ შესაძლოა დაგვიანეული აღმოჩნდეს.
ამ დღეს მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობები „დედამიწის საათის“ დადგომისას კიდევ ერთხელ ჩაბნელდებიან და მისი მხარდამჭერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით კლიმატის ცვლილების შესაცვლელ მხარდამჭერ აქციას შეუერთდებიან. „დედამიწის საათის“ ორგანიზატორია ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF). ეს მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს.
რას ნიშნავს კლიმატის ცვლილება
კლიმატის გლობალურ ცვლილებაში დედამიწაზე ჰაერის საშუალო მრავალწლიური ტემპერატურის მატება იგულისხმება. მეცნიერების მოსაზრებით, კაცობრიობის ისტორიაში დაფიქსირებული კლიმატის გლობალური ცვლილების ყველა პერიოდისაგან განსხვავებით, თანამედროვე კლიმატის ცვლილება ძირითადად ადამიანის საწარმოო საქმიანობითა და ბუნებრივი რესურსების ინტენსიური გამოყენებითაა განპირობებული, რაც ატმოსფეროში ე.წ. “სათბურის აირების” კონცენტრაციების ზრდას იწვევს.
დედამიწის ზედაპირზე ტემპერატურის მომატება ისეთი პროცესების მომასწავებელია, როგორებიცაა: უფრო ცხელი და მშრალი კლიმატი მთელ მსოფლიოში, გაუდაბნოების პროცესის გაძლიერება, ზღვის დონის აწევა, შტორმები, გახშირებული წვიმები; გავლენას იქონიებს ბიომრავალფეროვნებაზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე, საკვების ხელმისაწვდომობაზე და სხვ.
რა ემუქრება საქართველოს?
რთული რელიეფური პირობების გამო საქართველო საგრძნობლად მოწყვლადია კლიმატის გლობალური ცვლილებებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების მიმართ.
გლობალური დათბობის შედეგები საქართველოშიც ფიქსირდება. უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ქვეყანაში გვალვებმა იმატა. 1985-2000 წწ. ცენტრალური კავკასიონის მყინვართა შესწავლამ აჩვენა, რომ აღნიშნულ წლებში მყინვართა უკან დახევის საშუალო სიჩქარემ 8 მ/წელი შეადგინა, ხოლო მყინვართა ფართობმა 6-9%-ით დაიკლო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელ წლებში მყინვარის უკან დახევის ტემპმა მნიშვნელოვნად მოიმატა. ტემპერატურის ზრდის პირობებში 2050 წლისათვის მეცნიერები ქვემო სვანეთში მყინვარის მთლიანად დნობასაც არ გამორიცხავენ. საქართველოში კლიმატის ცვლილების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა შავი ზღვის სანაპირო. მე-20 საუკუნეში შავი ზღვის დონის აწევის საშუალო სიჩქარემ 2.6 მმ/წ შეადგინა. ასევე დადგენილია, რომ ქარის მაქსიმალური სიჩქარის ზრდის შედეგად ფოთსა და ბათუმში ძლიერი შტორმების (5-7 ბალამდე) სიხშირე უკანასკნელი ოთხი ათწლეულის განმავლობაში 4-ჯერ გაიზარდა.
კლიმატის ცვლილებების გამო უკანასკნელ წლებში გაიზარდა სტიქიური ბუნებრივი მოვლენების სიხშირე და სიძლიერე. აღნიშნულის შედეგად საქართველო მნიშვნელოვანი სირთულეების წინაშე აღმოჩნდა. კლიმატის ცვლილებამ გავლენა იქონია დაავადებების გავრცელებაზედაც. კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ ყველაზე გავრცელებულ დაავადებათა შორისაა მალარია და ლეიშმანიოზი.
სათბურის აირების რაოდენობის ზრდას ხელს უწყობს რამდენიმე ფაქტორი: მოსახლეობის ზრდა, სათბობი რესურსების ხარჯვა, ტყეების განადგურება, ნაგავსაყრელები, ნარჩენები და ა.შ. სათბურის აირების გამოყოფას ადგილი აქვს პროდუქციის წარმოებისა და მოხმარების, ასევე ნაგავსაყრელებზე ისეთი საგნებისა და ნივთიერებების არსებობის დროს, რომლებიც არ ექვემდებარება, ბიოლოგიურ დაშლას. ამიტომ გადამუშავება შეამცირებს ახალი ქაღალდის, პლასტიკისა და მინის წარმოების აუცილებლობას. ამ გზით დაიზოგება ახალი პროდუქციის დასამზადებლად საჭირო ენერგია.
რჩევა
ყოველთვის თან იქონიე საკუთარი ჩანთა შეძენილი საქონლის ჩასალაგებლად. შეამცირე შესაძენი საქონლის რაოდენობა – რაც უფრო ნაკლებს ყიდულობ, მით უფრო ნაკლები იქნება გადასამუშავებელო ან ხელახლა გამოსაყენებელი საგნების რაოდენობა, ასევე შემცირდება ჩვენ მიერ ნაგავსაყრელზე გასატანი ნარჩენების მოცულობა და გამოყოფილი მეთანის რაოდენობა. ნაკლებად გამოივიყენოთ მანქანა და შეცვალონ მანქანები, რომლებიც ბევრ საწვავს მოიხმარენ. ძველი, არაეფექტური ნათურების ნაცვლად გამოიყენე ენერგოეფექტური ნათურები, შესაძლებელია ჩვენი სახლის სახურავის, იატაკისა და კედლების თბოიზოლაცია, გამორთე ელექტრომოწყობილობები როდესაც აღარ გჭირდება სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით შესაძლებელია სახლში მოხმარებული ენერგიის მნიშვნელოვნად შემცირება, რაც ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილებების პროცესის შენელებას, შეამცირებს დაბინძურებასა და თქვენს ქვითრებში აღნიშნულ თანხებს.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან: ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) , საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).
„დედამიწის საათის“ მხარდამჭერები პარტნიორები: თბილისის მერია, გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში, ეკოხედვა, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება.
კრეატიული იდეის ავტორი და შემსრულებელი: სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაი
მედია მხარდაჭერა: ჯეპრა, რუსთავი 2, რადიო საქართველო, ოუთდორი, პალიტრა მედია, ჯორჯიან თუდეი, ტაბულა, CBW, Ipress.ge, BPI, Marketer.ge.
„დედამიწის საათი“ ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის საყოველთაო გარემოს დაცვითი მოძრაობაა. ეს არის კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილი ღია კამპანია, რომელიც „დედამიწის საათი“ ერთ ქალაქში ჩატარებული სიმბოლური ღონისძიებიდან მსოფლიოს უმსხვილეს საზოგადოებრივ გარემოსდაცვით მოძრაობაში გადაიზარდა. 2014 წელს „დედამიწის საათში“ ჩაებნენ მოქალაქეები, საწარმოები და ორგანიზაციები 7 000-ზე მეტ ქალაქში, 162 ქვეყნასა და ათასობით სხვადასხვა რეგიონში. 2015 წლის „დედამიწის საათის“ მიზანია, მილიონობით მხარდამჭერის ძალა კლიმატის ცვლილებაში ცვლილების შეტანის მიზნით მთელ მსოლფიოში გამოიყენოს.
ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი დამოუკიდებელი გარემოსდაცვითი დაცვითი ორგანიზაციაა ხუთ მილიონზე მეტი მხარდამჭერითა და გლობალური ქსელით 100-ზე მეტ ქვეყანაში. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის მისიაა, შეაჩეროს დედამიწის ბუნებრივი გარემოს გადაგვარება და ისეთი მომავალი შექმნას, რომელშიც ადამიანები ბუნებასთან ჰარმონიულ კავშირში იცხოვრებენ, რასაც ის მიაღწევს სამყაროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვით, ადამიანების დარწმუნებით, რომ განახლებადი ბუნებრივი რესურსების გამოყენება მდგრადობას განაპირობებს და გარემოს დაბინძურებისა და არაეკონომიური მოხმარების შემცირებისთვის ხელშეწყობის გზით.