საქართველოს პრობაციის ეროვნულ სააგენტოს უფროსმა გიორგი არსოშვილმა და ბულგარეთის სასჯელთა აღსრულების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელმა როსენ ჟელიაზკოვმა ორი ქვეყნის პრობაციის უწყებებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის ხელმოწერას დაესწრო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და ბულგარეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პლამენ ბონჩევი.
„ჩვენი პრობაციის სააგენტო ლიდერია რეგიონში. გვაქვს შემოთავაზებები პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, რომ მათაც გავუზიაროთ გამოცდილება და სისტემის გამართვაში დავეხმაროთ, თუმცა ეს არაა საკმარისი. ჩვენ ორიენტირებულები ვართ განვითარებაზე და ასეთი სახის თანამშრომლობაა სწორედ პროგრესის საწინდარი“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, მხარეებს შორის მოხდება საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, როგორც აღრიცხვაზე მყოფ ბენეფიციართა ზედამხედველობის მექანიზმების გაუმჯობესების, ასევე მათი რესოციალიზაციის პროგრამების განვითარების კუთხით. მხარეების მიერ პრიორიტეტულ საკითხად არის მიჩნეული სემინარების, სასწავლო ვიზიტების, სტაჟირების ერთობლივი ორგანიზება.
მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, ბულგარეთის დელეგაციამ დაათვალიერა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება, სასჯელაღსრულების N 11 დაწესებულება, გაეცნო საქართველოს პრობაციის სისტემის სპეციფიკას და ბოლო პერიოდში განხორციელებულ რეფორმებს.
საქართველოს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ, 2015 წლის 20 თებერვალს, ანალოგიური თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა მოლდოვას რესპუბლიკის პრობაციის სამსახურთან.