დღეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ავთანდილ კაჭკაჭიშვილი ახალციხეში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ და ადგილზე მოისმინეს მათი პრობლემები.
მინისტრის მოადგილეებმა და გუბერნატორის მოადგილემ ავთანდილ კაჭკაჭიშვილმა, ახალციხეში, ის ობიექტიც მოინახულეს, რომლის რეაბილიტაციაც სამინისტრომ, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, უკვე დაასრულა. რუსთაველის #113 - ში მდებარე შენობაში სულ 66 ბინაა, აქედან 13 ერთოთახიანი, 32 ოროთახიანი და 21 სამოთახიანი. ობიექტის რეაბილიტაცია ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „ს.ე.ნ“ განახორციელა. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ 763 983 ლარი შეადგინა. ამ ეტაპზე, ობიექტის რეაბილიტაცია დასრულებულა და მიმდინარეობს წყლისა და საკანალიზაციო სისტების სამუშაოები.