საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2014 წელს 1272 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 39 პროცენტით აღემატება 2013 წლის წინასწარ და 35 პროცენტით - ამავე წლის დაზუსტებულ მონაცემებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი)აქვეყნებს.
ამავე პერიოდში რეინვესტიციის ოდენობამ მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21 პროცენტი შეადგინა.
როგორც საქსტატის მონაცემებიდან ირკვევა, საქართველოში უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორები არიან შემდეგი ქვეყნები: ნიდერლანდები – 331 მილიონი აშშ დოლარი, აზერბაიჯანი – 302 მლნ, ჩინეთი – 195 მლნ, გაერთიანებული სამეფო – 114 მლნ. ზემოაღნიშნული ქვეყნების წილმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით 2014 წელს ჯამში 64 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 343 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 27 პროცენტია. მეორე ადგილზე მშენებლობაა, 295 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობა, 174 მლნ. აშშ დოლარით.
ასევე წინასწარი მონაცემებით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2014 წლის IV კვარტალში 349 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2013 წლის IV კვარტალის წინასწარ მონაცემებს 61 პროცენტით, ხოლო ამავე პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებს 54 პროცენტით აღემატება.
ამ პერიოდში ყველაზე მეტი ინვესტიცია განახორციელეს აზერბაიჯანმა (84 მლნ აშშ დოლარი), ნიდერლანდებმა (67 მლნ) და გაერთიანებულმა სამეფომ (66 მლნ).
სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2014 წლის IV კვარტალში 73 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 90 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 26 პროცენტია. მეორე ადგილზეა მშენებლობა 87 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - საფინანსო სექტორი 78 მლნ. აშშ დოლარით.
2014 წლის დაზუსტებული მონაცემები 2015 წლის 17 აგვისტოს გამოქვეყნდება.