კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", ნაძალადევის რაიონში, ჭოპორტის შესახვევში მიწისქვეშა კომუნიკაციების მოძველებულ და ამორტიზებულ მონაკვეთებს ახლით ცვლის. სამუშაოები მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება. ქუჩაზე გამავალი ქსელების რეაბილიტაციის შედეგად, ჭოპორტის შესახვევის მაცხოვრებლებს წყალმომარაგება გაუუმჯობესდებათ. მიმდინარე სამუშაოები, დღეს, კომპანიის ტექნიკური დირექტორის მოადგილე ომარ გოცირიძემ ნაძალადევის რაიონის გამგებელს - ზაზა გაბუნიას გააცნო.
ჭოპორტის შესახვევში, საერთო ჯამში, მთლიანად განახლდება წყალსადენისა და კანალიზაციის ყველა ხანდაზმული ქსელი, მოეწყობა ახალი საკვანძო ჭები და დამონტაჟდება ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. შესაცვლელი მილების საერთო სიგრძე 800 მეტრს შეადგენს. სამუშაოების დასრულება მარტის ბოლოს იგეგმება.
კომპანიის ტექნიკური დირექტორის მოადგილის - ომარ გოცირიძის ინფორმაციით, რეაბილიტაცია უტარდება წყალსადენის 500-მეტრიან ქსელს, საკანალიზაციო 300-მეტრიან ქსელს და ახლით იცვლება საცხოვრებელ სახლებამდე მიმავალი 31 განშტოება. გოცირიძის თქმით, კომპანია წყალსადენის განახლებულ ქსელებზე ასევე დაამონტაჟებს ახალ ჩამკეტ 2 ურდულს და მოაწყობს წყალსადენის 2 ახალ საკვანძო ჭას, საკანალიზაციო ქსელზე კი, პარალელურად, 6 ახალ საკვანძო ჭას მოაწყობს.
წყალსადენისა და საკანალიზაციო ქსელის განახლების შემდეგ ნაძალადევის რაიონის გამგეობა ქუჩაზე გზის საფარის რეაბილიტაციას და ასფალტის დაგებას უზრუნველყოფს.
წყალსადენისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაციის პროცესი თბილისის სხვადასხვა უბანში წელსაც, გაწერილი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. მიმდინარე წლის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ხანდაზმულ მიწისქვეშა კომუნიკაციებს თბილისის 70-მდე ქუჩაზე ახლით შეცვლის. ქუჩების ქსელების რეაბილიტაციის პროგრამას კომპანია თბილისის წყალსადენისა და წყალარინების სისტემების გაჯანსაღებისა და სტაბილური წყალმომარაგების მიზნით ახორციელებს.