დღეს, დევნილთა და განსახლების სამინისტროში შეხვედრა შედგა, რომელზეც მინისტრმა სოზარ სუბარმა ახალი ინიციატივა გააჟღერა. ქართველი ბიზნესმენების ხელშეწყობით 6 დევნილი სტუდენტის სწავლა დაფინანსდება. სოზარ სუბარის განცხადებით, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა დღევანდელი პრიორიტეტია, განათლებისათვის ხელშეწყობა კი სამომავლო და ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანი. მან მადლობა გადაუხადა „გორმედისა“ და „ავერსის“ ხელმძღვანელებს სამინისტროს ინიციატივის გაზიარებისა და დევნილი სტუდენტების მხარდაჭერისთვის.
„გორმედის“ ხელმძღვანელმა გია სვანიძემ აღნიშნა, რომ მათ მემორანდუმი აქვთ გაფორმებული დევნილთა და განსახლების სამინისტროსთან და ამ ფარგლებში არაერთი სასიკეთო საქმე გაკეთდა დევნილთა დასახმარებლად, თუმცა, ბოლო ინიციატივა ჩვენთვის საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ იგი ჩვენი ქვეყნის მომავალს ეხება და ამდენად, მნიშვნელოვანია. „ავერსის“ ხელმძღვანელმა პაატა კურტანიძემ წარმატებები უსურვა სტუდენტებს და მომავალში მათ დასაქმებაზე მზადყოვნა გამოთქვა.
ამ ეტაპზე 6 დევნილი სტუდენტის სწავლა დაფინანსდება. 2 მათგანი შიდა ქართლიდან, 4 კი აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა.