ბათუმში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN) აჭარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან საკოორდინაციო შხვედრა გამართეს. ღონისძიება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში - ეკომიგრაცია: “დიალოგი და თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში” გაიმართა. შეხვედრის თემა „ეკომიგრაცია აჭარაში - გამოწვევები და გადაჭრის გზები“ იყო.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა, მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანებით დამტკიცებული, სტიქიის შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების შერჩევისა და განსახლების კრიტერიუმების ადგილობრივი თვითმმართველობისთვის გაცნობა, რათა მათი დახმარებით მოხდეს სწორი და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება დაზარალებული მოსახლეობისათვის.
განიხილეს ახალი რეგულაციები სტიქიით დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განაცხადების მიღების, შეფასებისა და შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით.
შეხვედრას დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე დაესწრნენ. როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, ასეთი შეხვედრების მიზანი ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კორდინირებული მუშაობის ხელშეწყობაა და ეს თანამშრომლობა, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.