საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. მინისტრის მოადგილემ სამინისტროში გამოცხადებული „საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების სარეინტეგრაციო დახმარების“ საგრანტო პროგრამის შესახებ ისაუბრა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ამომწურავი იფნორმაცია მიაწოდა.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დაინტერესება გამოხატეს აღნიშნული პროგრამის მიმართ. მსგავსი სახის საინფორმაციო შეხვედრები უკვე გაიმართა ქ. რუსთავში, ქ. მარნეულსა და ქ. გორში, ასევე შეხვედრები დაგეგმილია ქ. ზუგდიდსა და ქ. ახალციხეში.
დაბრუნებული მიგრანტების სარეინტეგრაციო მხარდაჭერის საგრანტო პროგრამა გულისხმობს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის გრანტის გაცემას საქართველოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დაფინანსების და მედიკამენტებით უზრუნველყოფის, პროფესიული სწავლებისა და ანაზღაურებადი სტაჟირებების ხელშეწყობის და სოციალური პროექტების დაფინანსების მიზნით. საგრანტო პროგრამის მიზანია, ერთი მხრივ ხელი შეუწყოს სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების ღირსეული რეინტეგრაციის პროცესს და მეორე მხრივ, ამავე მიმართულებით, არასამთავრობო სექტორის განვითარებას და გაძლიერებას.
საგრანტო კონკურსისა და საგრანტო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.mra.gov.ge.