ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის, გიორგი კოტრიკაძის განცხადებით, ყველა ნავთობიმპორტიორი კომპანია მზადაა, ნებისმიერი სახის ინფორმაცია მიაწოდონ ნებისმიერ უწყებას, რადგან მათი საქმიანობა გამჭვირვალეა და მზად არიან ყველა დაინტერესებულ პირთან თანამშრომლობისთვის.
ამის შესახებ მან „კვირის პალიტრაზე“, გადაცემა „საქმეში“ განაცხადა.
კოტრიკაძემ ასევე ისაუბრა კონკურენციის საგენტოს მიერ ნავთობპროდუქტების იმპორტიოსი კომპანიების საქმიანობით დაინტერესების შესახებ და აღნიშნა, რომ ისინი მჭიდროდ თანამშრომლობენ სახელმწიფო უწყებასთან.
«ჩვენ თავიდანვე ჩართული ვიყავით კონკურენციის შესახებ კანონპროექტის მიღებაში, რადგან ჩვენი სურვილი იყო, რომ ქვეყანაში შექმნილიყო ისეთი უწყება, რომელიც კომპეტენტუად შეისწავლიდა ამ საკითხს და რაღაც მოარულ ჭორებზე არ ექნებოდა აქცენტი გაკეთებული. ამდენად ჩვენ მივესალმებით იმას, რომ კონკურენციის სააგენტო შეიქმნა, გვქონდა მათთან არაერთი შეხვედრა, გვაქვს საუკეთესო კომუნიკაცია, მივაწოდეთ ყველა ინფორმაცია რაც მოითხოვეს კომპანიებისგან.
იყო მოთხოვნილი კომპანიებმა სრულის სახით მიაწოდეს და ისინი ბუნებრივია ამ ინფორმაციას სწავლობენ. მათ აქვთ კანონით დადგენილი ვადა დასკვნისთვის და ამასობაში ჩვენი კომუნიკაცია მათთან გრძელდება. ათეული წლებია უკვე, რაც ნავთობკომპანიების საქმიანობასთან დაკავშირებით ბევრი მითი ვრცელდება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კონკურენციის სააგენტო ობიექტური კვლევის საფუძველზე ამ მითებს დაამსხვრევს“. _ განაცხადა კოტრიკაძემ.