თბილისში 4 მარტს სასტუმრო „ბომონდ გარდენში“ ფერმერებისა და დაუცველი ჯგუფების პესტიციდების მოწამვლის თავიდან აცილების მიზნით ცნობიერების ამაღლებასა და გამოცდილების გაზიარების თემას ეროვნული სემინარი მიეძღვნა. სამუშაო შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია „აგროსერვისის“ ორგანიზებით გაიმართა.
მონაწილეებს შორის იყვნენ გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სამინისტროებისა და უწყებების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, სამეცნიერო წრეებისა და სამიზნე ჯგუფების წარმომადგენლები.
პესტიციდებით მწვავე მოწამვლა შეიძლება სასიკვდილოც აღმოჩნდეს ადამიანისთვის. პესტიციდების სისტემატური მავნე ზემოქმედება იწვევს ისეთ სერიოზულ გართულებებს, როგორიც არის სიმსივნე, ნერვული სისტემის დაზიანება, ასევე, შესაძლოა, რეპროდუქციული დარღვევების მიზეზი გახდეს; გამოიწვიოს იმუნური სისტემის დარღვევები და განვითარების პრობლემები. განსაკუთრებულ რისკ–ჯგუფს განეკუთვნებიან ორსული და მეძუძური ქალები, ასევე დაუცველები არიან ბავშვები.
ხშირ შემთხვევაში ადამიანებს ძალიან მწირი ცოდნა აქვთ პესტიციდების მავნე ზეგავლენაზე საკუთარ თუ სხვების ჯანმრთელობაზე. არც თუ იშვიათია შემთხვევები, როდესაც გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში, პესტიციდების მართვის მარეგულირებელ სხვადასხვა უწყებებში არ გააჩნიათ საკმარისი ინფორმაცია პესტიციდებით ადამიანების მოწამვლის სტატისტიკაზე, არ ხდება მოწამვლების რეგისტრაცია, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ შემთხვევებს ადგილი აქვთ. აღნიშნული პროექტი დაეხმარება ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის მარეგულირებელ ორგანოებს პრობლემის გაცნობასა და გადაწყვეტაში.
„აგროსერვისის“ წარმომადგენლებმა პროექტის – "ქიმიური ნივთიერებების მართვის შესაძლებლობების გაძლიერება ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში“ – ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონში მიზნობრივ ჯგუფებში ჩაატარეს კვლევა, თუ როგორია მოსახლეობის, სამიზნე ჯგუფების პესტიციდების გამოყენების, დამოკიდებულების მიმართ ცოდნა. სწორედ ამ კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ პესტიციდებით მოწამვლის შემთხვევების რეგისტრაცია არ ხდება, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქვეყნისთვის.
პროექტი „GCP/RER/EC-040 FAO ქიმიური ნივთიერებების მართვის შესაძლებლობების გაძლიერება ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში“ დაფინანსებულია ევროკავშირისა (EU) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ. პროექტის პარტნიორები არიან საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების - პესტიციდების სამოქმედო ქსელი, გაერთიანებული სამეფოს (PAN-UK) სამდივნო, „როტერდამის კონვენცია“ და „აგროსერვისი“.