"იარა ვერ მოშუშდება, სანამ თავისი სახელი არ დაერქმევა ყველა დანაშაულს და პასუხი არ მოეკითხებათ"

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქართველი ხალხი წლების განმავლობაში დამცირებული და შეურაცხყოფილი იყო - ბევრ მათგანს ჩამოართვეს ქონება და გააკოტრეს, ბევრი ციხეში მოხვდა,  უკანონო, უსასტიკეს, შეურცხმყოფელ, არაადამიანურ პირობებში ამყოფეს, იძალადეს მათზე, ჯანმრთელობა შეურყიეს, ცხოვრება დაუნგრიეს, დღეს ეს ადამიანები მოთმინებით ელიან პასუხს.

"ყველას კარგად მოგეხსენებათ, რამდენად დიდია ჩვენი ხალხის ინტერესი და მოლოდინი ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით და 2 წლის წინ, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით დაიწყო მოქალაქეების ათასობით განაცხადის შესწავლა, ამაში ჩართული იყო ყველა შესაბამისი უწყება. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არც ერთი წუთით არ შეგვიწყვეტია მუშაობა ამ მიმართულებით და დღეს უკვე გვაქვს ახალი სტრუქტურა მთავარ პროკურატურაში, რომელიც სწორედ ჩვენი მოქალაქეების, დარღვეული უფლებების აღდგენის საქმეს მოემსახურება.

ორ წელზე მეტი დროა გასული მას შემდეგ, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა ხალხმა. დარჩა იარები, რომლებსაც მოშუშება სჭირდება. იარა ვერ მოშუშდება, სანამ თავისი სახელი არ დაერქმევა ყველა დანაშაულს და პასუხი არ მოეკითხებათ მათ, ვინც ამ დანაშაულში იღებდა მონაწილეობას, განსაკუთრებით მათ, ვინც ეს დანაშაული დაგეგმა და შეუკვეთა. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად აწუხებს ჩვენს ხალხს.

ეს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოქალაქეების ღირსების საქმეა. ამის გარეშე წარმოუდგენელია ცივილიზებული სახელმწიფოს აშენება, სამართლებრივი და  ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს აშენება,  რისი ამბიციაც ჩვენს ხელისუფლებას აქვს.

ჩვენი ხალხი წლების განმავლობაში დამცირებული და შეურაცხყოფილი იყო - ბევრ მათგანს ჩამოართვეს ქონება და გააკოტრეს, ბევრი ციხეში მოხვდა, - უკანონო, უსასტიკეს, შეურცხმყოფელ, არაადამიანურ პირობებში ამყოფეს, იძალადეს მათზე, ჯანმრთელობა შეურყიეს, ცხოვრება დაუნგრიეს. დღეს ეს ადამიანები მოთმინებით ელიან პასუხს.

უამრავი დოკუმენტი არსებობს, არსებობს მტკიცებულებები, თუ როგორ იყენებდნენ დაკავებასა და წამებას პოლიტიკური ანგარიშსწორებისათვის, ქონების კონფისკაციისთვის და მრავალი სხვა უკანონო მოქმედებებისთვის. 

სააკაშვილის რეჟიმმა გაასამართლა 300 ათასი ადამიანი, 300 ათასი საქართველოს მოქალაქე და  ოთხნახევარმილიონიან საქართველოში ეს უზარმაზარი ციფრია. ამას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებთან, აღარაფერს ვამბობ მორალზე და ადამიანობაზე. ამ ორი წლის განმავლობაში ადამიანების დარღვეული უფლებების აღსადგენად ძალ-ღონეს არ ვიშურებდით. ჩვენ კარგად გვესმის ჩვენი პასუხისმგებლობა და ვალდებულება ამ ადამიანების წინაშე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პრეზენტაციაზე.

მთავარ პროკურატურაში შექმნილ სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტს პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი უხელმძღვანელებს, მისი მოადგილე კი კოკა კაციტაძე იქნება.