"სინათლის ქალაქმა" თბილისში გარეგანათების ბოძების მოწესრიგება დაიწყო

"სინათლის ქალაქმა" 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის თბილისის მასშტაბით არსებული გარეგანათების ბოძების მოწესრიგება დაიწყო. ბოძების შეკეთება-აღდგენა და მათი გადაღებვა დედაქალაქის თითქმის ყველა უბანში მიმდინარეობს. სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობას დღეს ადგილზე  "სინათლის ქალაქის" ხელმძღვანელი ვასილ ხორავა და მისი მოადგილეები გაეცნენ.

ვასილ ხორავას განცხადებით, ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის გარეგანათების ბოძების შეკეთების სამუშაოები აქტიურ ფაზაშია შესული. ხორავას თქმით, აღნიშნულ სამუშაოებზე დასაქმებულია 60-მდე ადამიანი და 8 ერთეული ტექნიკა.

"სამუშაოები მთელი თბილისის მასშტაბით  მიმდინარეობს, მათ შორის არის  ოლიმპიური სოფლის მიმდებარე ტერიტორიაც, სადაც ჩვენი წარმომადგენლები ფაქტიურად 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. ეს გახლავთ საკმაოდ მასშტაბური და  მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც "სინათლის ქალაქი" ამ ეტპაზე ახორციელებს" - განაცხადა ხორავამ.

ხორავას თქმით, მიმდინარე სამუშაოები დათქმულ ვადებში დასრულდება.