საქართველო ბრუცელოზის კონტროლის სტრატეგიის განხორციელებას იწყებს

საქართველო ბრუცელოზის კონტროლის სტრატეგიის განხორციელებას იწყებს

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ბრუცელოზის პრევენციისა და კონტროლის პროგრამის ტექნიკური დახმარების გაწევის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ, სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა დოლიძემ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნდ იელემ. შეთანხმების მიზანია ბრუცელოზის წინააღმდეგ ბრძოლის მრავალმხრივი სტრატეგიის განხორციელება.

ბრუცელოზი გავრცელებული ბაქტერიული დაავადებაა იმ ქვეყნებში, რომლებიც მეცხოველეობასა და ხორცპროდუქტების წარმოებას მისდევენ. ბრუცელოზი საზოგადოებრივი  ჯანდაცვის პრობლემასაც წარმოადგენს, რადგან  ცხოველებისგან ადამიანს შეიძლება გადაეცეს. ბრუცელოზის სწორი დიაგნოზი მხოლოდ ლაბორატორიული  ტესტებითაა შესაძლებელი. სწორედ ამიტომ,  აუცილებელია პრევენციული ღონისძიებების (ვაქცინაცია, ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა) გატარება.

პროექტის ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) სურსათის ეროვნულ სააგენტოს, დაავადებათა კონტროლის  ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ვაქცინაციის კამპანიის განხორციელებასა და სააგენტოს წარმომადგენლთა სწავლება/გადამზადებაში დაეხმარება. აღნიშნული ორწლიანი პროექტის ბიუჯეტი 280,733 დოლარს შეადგენს და ევროკავშირის მიერ ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ფარგლებში გაწეული საბიუჯეტო დახმარებიდან ფინანსდება.

 2013 წელს საქართველოში FAO-ს მიერ განხორციელებული საბაზისო კვლევის მეშვეობით გამოვლინდა პრიორიტეტები, ხარვეზები, პრობლემები და შესაძლებლობები, რაც საქართველოს მთავრობას დაეხმარა ბრუცელოზის კონტროლის ეროვნული სტრატეგიის  სრულყოფაში. FAO-ს რეკომენდაციების გათვალისწინებით,   საქართველოს მთავრობამ პრევენციული ღონისძიებების გატარება დაიწყო. აღნიშნულ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფერმერებისა და მომხმარებელთა ინფორმირება ბრუცელოზის შესახებ.

2015 წლიდან საქართველო ბრუცელოზის კონტროლის სტრატეგიის განხორციელებას იწყებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაფორმებული ხელშეკრულების ორწლიანი პროექტის ამოქმედებას დაწყებას გულისხმობს.