„სინათლის ქალაქსა“ და საქართველოს დასაქმებულთა პროფესიულ კავშირს შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი „სინათლის ქალაქის“ დირექტორმა ვასილ ხორავამ და პროფკავშირების მომსახურების სფეროს თავმჯდომარემ მალხაზ ღონიაშვილმა მოაწერეს. „სინათლის ქალაქის“ ხელმძღვანელის ვასილ ხორავას განცხადებით, ხელშეკრულება მიზნად ისახავს საწარმოში დასაქმებულთა კეთილდღეობის ამაღლებას და მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი თანამშრომლის კეთილდღეობაზე ზრუნვა და მათი უფლებების დაცვა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ პროფკავშირების მოწვევა ჩვენს საწარმოში და მათთან ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმება. ვთვლით, რომ რაც უფრო მეტად იქნება თანამშრომელთა უფლებები დაცული და რაც უფრო მეტად კომფორტული გარემო შეიქმნება მათთვის, მით უფრო ამაღლდება დასაქმებულთა შრომითი მოტივაცია“ - განაცხადა ვასილ ხორავამ.
ვასილ ხორავას განცხადებით, „სინათლის ქალაქის“ ძალიან ბევრი თანამშრომელია დაინტერესებული პროფკავშირებში გაწევრიანებით, რასაც ხელმძღვანელობა მიესალმება. მისივე თქმით, დღეს გაფორმებული ხელშეკრულება მხოლოდ იმ თანამშრომლებზე გავრცელდება, რომლებიც პროფკავშირში გაწევრიანდებიან.
„სინათლის ქალაქის“ დირექტორი სხვა კომპანიებსაც მოუწოდებს გადადგან ნაბიჯები თავიანთ თანამშრომელთა უფლებების მაქსიმალურად დაცვისკენ.