თიბისი ბანკმა და აზიის განვითარების ბანკმა (ADB) ხელი მოაწერეს 100 მილიონი ლარის ოდენობის სასეხო ხელშეკრულებას, რომლის თანხებიც მოხმარდება თიბისი ბანკის მიერ მცირე, საშუალო და მიკრო ბიზნესების დაფინანსებას საქართველოს რეგიონებში.
ეს არის ქართული ბანკის მიერ მიღებული ყველაზე მსხვილი რესურსი ეროვნულ ვალუტაში. ლარის რესურსი აზიის განვითარების ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდა ლარში დენომინირებული ობლიგაციების კერძო განთავსების შედეგად ქართულ ბაზარზე. ტრანზაქციის ორგანიზატორი იყო თიბისი ბანკის შვილობილი კომპანია თიბისი ბროკერი.
„მოხარული ვართ, რომ მონაწილეობა მივიღეთ ასეთ მასშტაბურ ტრანზაქციაში, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თიბისი ბანკისა და საქართველოს ფინანსური სექტორისთვის, არამედ ქვეყნის ეკონომიკისთვის ზოგადად. არსებული რესურსი საშუალებას მისცემს თიბისი ბანკს, გაააქტიუროს მცირე, საშუალო და მიკრო ბიზნესების დაფინანსება რეგიონებში. ჩვენი თანამშრომლობა აზიის განვითარების ბანკთან ყოველთვის წარმატებული იყო და იმედი გვაქვს, მომავალშიც გავაგრძელებთ საინტერესო პროდუქტების შეთავაზებას ქართული ბიზნესისთვის,“ - აღნიშნა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოშვებული ობლიგაციები გაიყიდა ნომინალური ღირებულებით, ცვლადი სამთვიანი კუპონის განაკვეთით, რომელიც მიბმულია საქართველოს ეროვნული ბანკის 3 თვიანი სადეპოზიტო სერტიფიკატების განაკვეთზე. ობლიგაციების დაფარვა 2018 წლის 15 თებერვალს განხორციელდება.
„მოხარული ვართ, რომ შევძელით თიბისი ბანკისთვის შეგვეთავაზებინა პროდუქტი, რომელიც მოხსნის ვალუტის გაცვლითი კურსის რისკს და წაახალისებს როგორც კერძო ინვესტიციებს, ასევე დასაქმებას მთელი საქართველოს მასშტაბით,“- განაცხადა აზიის განვითარების ბანკის კერძო სექტორის ოპერაციების დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა, ტოდ ფრილენდმა.