იტალიაში, ქ.რომში, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) შტაბბინაში, ორგანიზაციის მმართველობითი საბჭოს 38-ე სესიაზე საქართველო კონტრიბუტორი ქვეყანა გახდა.
სესიას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ნოდარ კერესელიძე ესწრებოდა.
სესიაზე ყურადღება გამახვილდა მსოფლიოში სასურსათო უსაფრთხოებისა და სიღარიბის დაძლევის პროცესში IFAD-ის წვლილზე, ასევე, IFAD-სა და ევროკავშირს შორის არსებული აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
ორგანიზაციის მმართველობითი საბჭოს 38-ე სესიაზე სოფლის მეურნეობის, როგორც მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის საკვანძო ელემენტის, ტრანსფორმაციის საკითხი განიხილეს. ასევე, იმსჯელეს 2015 წლის გეგმებსა და პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ინვესტიციებისა და პარტნიორობის საჭიროებაზე, სოფლად მცხოვრებთა ინტერესებზე ორიენტირებული პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე. სესიაზე განიხილეს კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის სისტემების დანერგვის ხელშეწყობის პროექტები, იმსჯელეს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის სამომავლო განვითარებაში ახალგაზრდა თაობის ჩართულობის მნიშვნელობაზე.
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდთან. აღსანიშნავია, რომ საქართველო წელს პირველად გახდა სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის არამარტო საფინანსო რესურსის მომხმარებელი ქვეყანა, არამედ კონტრიბუტორიც. წელს საქართველოსთვის გამოიყო 20 მლნ-მდე საფინანსო ხაზი, მათ შორის 6 მლნ დოლარამდე გრანტია, დანარჩენი კი, შეღავათიანი სესხი. აღნიშნული ფინანსური რესურსი საქართველოში კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის სისტემების დანერგვას, სასურსათო უსაფრთხოებას, საირიგაციო სისტემების რეაბილიტაციას მოხმარდება“, - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) მმართველობითი საბჭოს 38-ე სესია IFAD-ის პრეზიდენტმა, კანაიო ნვანზემ გახსნა. სესიაში 150-ზე მეტი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელი და სოფლის მეურნეობის მინისტრი მონაწილეობდა.