კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" გლდანის რაიონში, უწერის ქუჩაზე გამავალი მაგისტრალური მილების მოძველებული და ამორტიზებული მონაკვეთების ახლით შეცვლა უკვე დაასრულა. კომპანია, დღეს, ახლადშეცვლილი 700-მეტრიანი ბოლო მონაკვეთის წყალმომარაგების ერთიან სისტემასთან მიერთების სამუშაოებს უწერისა და ბარისახოს ქუჩების კვეთაზე ახორციელებს. მაგისტრალური წყალდენების რეაბილიტაციის შედეგად, გლდანისა და ნაძალადევის რაიონების მოსახლეობა სასმელი წყლით გაცილებით სტაბილურად მომარაგდება.
უწერის ქუჩაზე მთლიანად ახლით არის შეცვლილი ორი 900 მმ-იანი თუჯის მაგისტრალური მილდენის ხანდაზმული მონაკვეთები. შეცვლილი მილების საერთო სიგრძე 1500 მეტრს შეადგენს. ასევე, განახლებულია უწერის ქუჩის მოძველებული განშტოებების 300 მეტრი, დამონტაჟდა ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი 12 ურდული და მოეწყო წყალსადენის ახალი საკვანძო ჭები.
წყალსადენისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაციის პროცესი თბილისის სხვადასხვა უბანში წელსაც, გაწერილი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. მიმდინარე წლის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ხანდაზმულ მიწისქვეშა კომუნიკაციებს თბილისის 70-მდე ქუჩაზე ახლით შეცვლის. ქუჩების ქსელების რეაბილიტაციის პროგრამას კომპანია თბილისის წყალსადენისა და წყალარინების სისტემების გაჯანსაღებისა და სტაბილური წყალმომარაგების მიზნით ახორციელებს.