კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა", ჯავახიშვილის ქუჩაზე ახალი მაგისტრალური ქსელების გაყვანა უკვე დაასრულა. მთლიანად ახლით შეიცვალა როგორც წყალსადენის, ასევე საკანალიზაციო მაგისტრალური მილები და განშტოებები. სამუშაოების შესრულებას კომპანიამ, დაახლოებით, 10 დღე მოანდომა.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ტექნიკური დირექტორის მოადგილის - ომარ გოცირიძის განცხადებით, ყოფილი ელბაქიძის აღმართზე წყალსადენის 700 მეტრიანი ახალი ქსელი უმაღლესი ხარისხის ქარხნული წარმოების ფოლადის იზოლირებული წყლის მილებისგან მოეწყო და საკანალიზაციო ქსელიც ქარხნული წარმოების მაღალხარისხიანი მილებით შეიცვალა. ომარ გოცირიძის თქმით, ამ ეტაპზე ახლადგაყვანილი ქსელის ტესტირება მიმდინარეობს, რის შემდეგაც მილების რეცხვის რამდენიმედღიანი პროცედურა ჩატარდება, ლაბორატორიული კონტროლის გავლის შემდეგ კი, ახალი ქსელი წყალმომარაგების ერთიან სისტემას მიურთდება.
როგორც ომარ გოცირიძე აღნიშნავს, წყალსადენის ახალი ქსელის მოწყობის პროცესში ელბაქიძის აღმართის მაცხოვრებლებს წყლის მიწოდება არ შეფერხებიათ, რადგან მათი წყალმომარაგება კომპანიამ, დროებით, ალტერნატიული 400 მმ-იანი ქსელის მეშვეობით უზრუნველყო.
ყოფილი ელბაქიძის აღმართზე, კვლავაც გრძელდება კომპლექსური სამუშაოები. სამუშაოების დაგეგმვასა და განხორციელებაში თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურთან ერთად, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ტექნიკური სამსახურიც მონაწილეობს. სამუშაოების მიმდინარეობას კი საგანგებოდ შექმნილი საკოორდინაციო საბჭო კურირებს.