დიდ დიღომსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გარე განათების ქსელის განვითარების მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე დღეს „სინათლის ქალაქის“ ხელმძღვანელობა გაეცნო. „სინათლის ქალაქის“ დირექტორის მოადგილის ვეფხვია ბაძაღუას განმარტებით, მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია 160 ახალი საყრდენი ბოძის და 700-მდე სანათი წერტილის დამონტაჟება. ბაძაღუას თქმით, 22 კილომეტრიანი ქსელის განვითარება მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე დაიწყო და იგი უახლოეს მომავალში დასრულდება.
„დღეს ჩვენ მოვედით, რათა ადგილზე გავცნობოდით სამუშაოების მიმდინარეობას. ეს გახლავთ ახალი დასახლება და ამ ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გარე განათების ქსელი საერთოდ არ არსებობდა, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევდა. მიმდინარე სამუშაოების შედეგად, დაიდგმება 160 ახალი საყრდენი ბოძი, უკვე არსებულ ბოძებზე კი დამონტაჟდება 700-მდე ახალი სანათი, რის შედეგადაც მიმდებარე ტერიტორია განათდება“- განაცხადა ვეფხვია ბაძაღუამ.
ვეფხვია ბაძაღუას თქმით, „სინათლის ქალაქის“ სამშენებლო-სარემონოტო განყოფილების თანამშრომლები სამუშაოებს 24 საათინ რეჟიმში აწარმოებენ და გარე განათების ქსელის განვითარება უახლოეს დღეებში დასრულდება.