აგროდაზღვევის საპილოტე პროექტის ფარგლებში „ჯიპიაი ჰოლდინგი“ 400 000 ლარს აანაზღაურებს
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ აგროდაზღვევის მქონე ფერმერებს 400 000 ლარს აუნაზღაურებს. სადაზღვევო კომპანიაში აჭარიდან და გურიიდან 1500-ზე მეტი განაცხადია შესული ზარალის ანაზღაურებაზე. კომპენსაციების გაცემის პროცესი დეკემბერშივე დაიწყო და თებერვლის ბოლოსთვის დასრულდება.
პაატა ლომაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი: „წელს „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ აგროდაზღვევის ფარგლებში სულ 5000-ზე მეტი პოლისი გასცა. ზარალიანობა საკმაოდ დიდია. მოგეხსენებათ, შემოდგომაზე რამდენიმეჯერ იყო სეტყვა და ძლიერი წვიმა, რამაც ძალიან ბევრი ფერმერი დააზარალა. თუმცა აგროდაზღვევის არსიც სწორედ ეს არის , რომ სტიქიური მოვლენებისგან ფერმერმა თავი დაიცვას და არ იზარალოს. ჩვენ გავითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ წელს პირველი წელია და პირველი გამოცდილებაა ფერმერბისთვის და მივიღეთ ის განაცხადებიც კი, რომელიც ორი, სამი კვირის დაგვიანებით მოვიდა ჩვენამდე - ყველა სახის შეღავათს ვუწევთ ფერმერებს, რომ რეალური სარგებელი დაზღვევიდან მიიღონ“
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში დასაწყისშივე, 2014 წლის სექტემბერში ჩაერთო და რეგიონებში აქტიური საინფორმაციო კამპანია განახორციელა.
პროგრამის ფარგლებში გლეხები და ფერმერების მოსავლის დაზღვევისთვის მცირე თანხას იხდიან, რადგან პრემიის 80-90%-ს სახელმწიფო ანაზღაურებს. საპილოტე პროგრამა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში გავრცელდა, თუმცა ვერ მოიცვა ფერმერები სრულად.
პაატა ლომაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი: „აგროდაზღვევა მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკაა და ცხადია, ძალიან დიდი მხარდაჭერაა ფერმერებისთვის. ჩვენი თვალსაზრისით, ეს პროგრამა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.“