„ჩემი ქალაქის“ ორგანიზებით, ენოთეკის გადარჩენის მოთხოვნით აქცია გაიმართა

„ჩემი ქალაქის“ ორგანიზებით, ენოთეკის გადარჩენის მოთხოვნით აქცია გაიმართა

როგორც მელიქიშვილის გამზირისა და პეტრიაშვილის ქუჩის კვეთაზე მდებარე ღვინის ქარხანა #1-თან შეკრებულებმა განაცხადეს, ენოთეკაში, რომელსაც 9 წელია, ყადაღა ადევს, 40 000-მდე სამუზეუმო ექსპონატი - ბოთლია, რომლებსაც ცუდი პირობების გამო განადგურება ემუქრება.

ორგანიზაციის თანადამფუძნებლის ვაჟა კაკუშაძის განცხადებით, ობიექტი ისტორიული მნიშვნელობის მქონე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სადაც წარმოებისთვის ღვინო ბოთლში 1897 წელს პირველად ჩამოისხა.

"ვაპროტესტებთ უპატრონობას და იმას, რომ 40 000 ბოთლი, რომელიც 2006 წლიდან არის დაყადაღებული, ფუჭდება. ფაქტიურად, ნადგურდება სამუზეუმო ექსპონატი. როგორც გადმოცემით ცნობილია, ექსპონატებში სასმელები არის ნაპოლეონის, სტალინის ყირიმის ენოთეკიდან და 2006 წლის შემდეგ, არავის აძლევენ იმის საშუალებას, რომ ამ ენოთეკას მიხედონ. ჩვენი თხოვნა და პროტესტის აზრი ის არის, რომ ამ პრობლემას ყურადღება მიაქციონ, რათა არ განადგურდეს ისტორიული და ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლი", - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა ვაჟა კაკუშაძემ. 

მისივე თქმით, ყოფილ და ახლანდელ მეპატრონეებსაც სურვილი აქვთ, რომ აქ გაკეთდეს ქართული ღვინის მუზეუმი, თუმცა ხელისუფლება რატომღაც ამის საშუალებას არ იძლევა.

"კულტურის სამინისტროსთან წერილობითი თხოვნის მიუხედავად, საქმე ერთი ნაბიჯითაც არ დაძრულა. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ახლანდელ მეპატრონეს წინა მფლობელთან სამართლებრივი დავა აქვს, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ღვინის ქარხანა და ენოთეკა გადარჩეს",-აღნიშნა კაკუშაძემ. 

თავის მხრივ, ღვინის ქარხანა #1-ის ადვოკატმა არჩილ თაბაგარმა განაცხადა, რომ კომპანიის ამოცანაა, რომ ობიექტზე ყადაღა მოიხსნას, თუმცა ის ასე მარტივად გადასაწყვეტი საკითხი არ არის და კომპანია მიზნის მისაღწევად ძალას არ იშურებს.

მისივე თქმით, ობიექტმა რამდენჯერმე შეიცვალა მფლობელი, ამ ეტაპზე, კი მასში ერთმა საინვესტიციო ჯგუფმა ინვესტიციები ჩადო, შედეგად კი ობიექტი ერთი სუბიექტის საკუთრება გახდა.

„ენოთეკა პროკურატურის მიერაა დაყადაღებული და ჩვენი ამოცანა არის, ამ კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება. ხელმძღვანელობის მიზანია, რომ ის ისტორიული დანიშნულება, რაც ამ ობიექტს გააჩნია, შენარჩუნდეს", - განაცხადა თაბაგარმა.