სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია BFC კონსალტინგის წარმომადგენელს, მაიკლ კორტენბუშს შეხვდა. აღნიშნული კომპანია საქართველოში აგროდაზღვევის პოტენციალისა და შესაძლებლობების კვლევას ახორციელებს. კვლევა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკს შორის არსებული შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება. შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი მარიანა მორგოშია ესწრებოდნენ.
2015 წლის 13 მარტს BFC კონსალტინგი აგროდაზღვევის პოტენციალისა და შესაძლებლობების კვლევის პირველი ეტაპის შედეგებს წარმოადგენს; განისაზღვრება მეორე ეტაპის პრიორიტეტები.
„სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის აგროდაზღვევა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. BFC კონსალტინგთან ერთად საბოლოო დოკუმენტზე მუშაობა მაისის ბოლოს დასრულდება. დოკუმენტი განსაზღვრავს, თუ როგორი უნდა იყოს სადაზღვევო პოლიტიკა, აღნიშნული მიმართულებით გრძელვადიანი ხედვა და როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს როლი პოლიტიკის განხორციელებაში“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მუშაობის შემდგომ ეტაპზე პროცესში ჩართული უნდა იყოს ყველა ის მხარე, რომელიც შემდგომ კონცეფციის იმპლემენტაციას განახორციელებს. ეს მხარეები იქნებიან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აგრარული კომიტეტი, სადაზღვევო ასოციაცია, სადაზღვევო კომპანიები და საფინანსო ინსტიტუტები.
„2014 წელს განხორციელებული აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამის საფუძველზე ჩვენ უკვე გვაქვს გარკვეული ტიპის გამოცდილება. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია აღნიშნული საპილოტე პროგრამის შედეგების ანალიზის გათვალისწინება აგროდაზღვევის კონცეფციის საბოლოო დოკუმენტის შემუშავების პროცესში“, - განაცხადა მარიანა მორგოშიამ.