სოფლის მეურნერობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია გააცნო. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო აკადემიის, აგრარული და ტექნიკური უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
,,2015-2020 წლების სტრატეგია მოიცავს ყველა იმ ძირითად მიმართულებას, რომელმაც დარგის ეფექტიან და მდგრად განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი. მისასალმებელია, რომ აღნიშნული სტრატეგიის შემუშავებაში აქტიურად იყვნენ ჩართული მეცნიერები და დარგის სპეციალისტები. ამან საშუალება მოგვცა შეგვემუშავებინა სტრატეგია, რომელიც საქართველოში სოფლის მეურნეობის სწორი მიმართულებით განვითარებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს სოფლის მეურნეობის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება და მიზნობრივი გამოყენება ქვეყნის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, დადებითი შედეგის მიღწევის უპირველესი გარანტია იქნება მკაფიოდ განსაზღვრული, კონკურენტუნარიანი წარმოებისკენ მიმართული აგრარული პოლიტიკის შემუშავება და ეკონომიკის ამ სექტორში ფინანსური რესურსების მოზიდვის ხელშეწყობა. ამავე დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის საკითხი.
სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიული ხედვის განსახორციელებლად განსაზღვრულია 7 სტრატეგიული მიმართულება და შესაბამისი ღონისძიებები, რომელთა მიხედვით შემუშავდება კონკრეტული სამოქმედო გეგმა - პრიორიტეტების, განხორციელების ვადების და დაფინანსების წყაროების გათვალისწინებით. სტრატეგია ასევე ითვალისწინებს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებას (დაახლოების შეთანხმებული ვადების შესაბამისად), რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებსა და ნორმებთან მაქსიმალურ მიახლოებას და წარმოებული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას.
ღონისძიების ბოლოს, მეცნიერებმა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების განახლებული სტრატეგიის შესახებ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს. მათი მხრიდან დადებითად შეფასდა 2015-2020 წლების სტრატეგიის დოკუმენტი. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, მისასალმებელია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან დარგის სპეციალისტებთან აქტიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა.
ოთარ დანელიამ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს ეროვნულ და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიების, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებთა, დონორი ორგანიზაციების, გაეროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაციის (FAO), ევროპის სამეზობლო პროგრამის - სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარებისათვის (ENPARD) წარმომადგენლებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესში.