2014 წლის ნოემბრის ბოლოს საქართველოს პარლამენტში 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტთან ერთად, საქართველოს პარლამენტში განსახილველად "საბიუჯეტო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტიც შევიდა" რომელიც საბიუჯეტო, სისტემურ ცვლილებას ითვალისწინებდა.
კანონპროექტში თავიდანვე იყო ჩადებული ცვლილებების ამოქმედების რეგულაციის შესაძლებლობა, რაც გამოიყენა კიდევაც საქართველოს მთავრობამ და ლუდის მწარმოებლების ღია კრიტიკის შემდეგ ალაოს ლუდზე, ეთილის სპირტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთების არა 100 პროცენტით არამედ 50 - ით შემცირება გადაწყვიტა და ახალი წესის ამოქმედების ვადად, პირველი იანვრის მაგივრად, 1 მარტი დაადგინა.
ლუდის მწარმოებლები აქციის ზრდითაც უკმაყოფილეობი არიან და გაზრდის პროცედურითაც. მათი განცხადებით, საქართველოს მთავრობამ აქციზის ზრდის ინიცირებისას, დაგეგმვისას, პარლამენტში კანონპროექტის შეტანისას მათთან კოსულტაცია არ გაიარა და აქციზის მატების შესახებ პოსტ - ფაქტუმ შეიტყვეს.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში თამაზ აქუბარდია სახელმწიფოს ამ გადაწყვეტილებას გაუგებარს და დაუსაბუთებელს უწოდებს.
- ბატონო თამაზ, ლუდის მწარმოებლებისთვის მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები მიუღებელია. მათი განცხადებით, აღნიშნული ცვლილება ბიზნესს ძალიან დააზარალებს. როგორ ფიქრობთ, გახდება თუ არა მიღებული კანონი უკან გადადგმული ნაბიჯი ქართული წარმოებისთვის?
- თუ ჩვენ გვინდა იმპორტზე დამოკიდებულება შევამციროთ, მაშინ ადგილობრივ წარმოებას უნდა მწვანე შუქი მივცეთ. ის პერიოდი ქვეყანამ უკვე გაიარა, როცა ხბოს აღტყინებით ყველაფერი გვჯეროდა, რაც ეკონომიკის სახელმძღვანელოებში ეწერა!
- საქართველოს მთავრობამ ცვლილებების მოთხოვნით მაშინ მიმართა პარლამენტს, როდესაც ლუდის მწარმოებლების უმეტესობას 2015 წლის ბიუჯეტის დაგეგმვა თითქმის დასრულებული ჰქონდა. როგორ შეფასებას მისცემდით სახელმწიფოს მხრიდან საკითხისადმი ასე მიდგომას და შეიძლება თუ არა ეს გახდეს უარყოფითი სიგნალი პოტენციური ინვესტორებისთვის?
- უცხოური ინვესტიციები გვინდა, მაგრამ გონივრულ ფარგლებში. ინვესტიციები მხოლოდ იქ უნდა ჩაიდოს, რისი გაკეთებაც ჩვენ ჯერჯერობით არ შეგვიძლია, მაგრამ იმ დრომდე, სანამ არ შეგვიძლია. ამიტომ მოცემულ სფეროში ინვესტიციები იმ ვადით უნდა ჩავდოთ, რა ვადაშიც ჩვენ შევძლებთ უკვე მის ჩანაცვლებას! დახედეთ, მობილურ ოპერატორებს რა კოლოსალური მოგებები გააქვთ ყოველწლიურად საქართველოდან. ჩვენ რომ თავის დროზე მათთან ვთქვათ 10-15 წლიანი ხელშეკრულება დაგვედო, წარმოგიდგენიათ რა სავალუტო ეკონომიას გავაკეთებდით! ან სოკარს რატომ უნდა შემოჰქონდეს ბენზინი ევროპიდან საქართველოში? ეს არ არის სახელმწიფოებრივი მიდგომა!
- საქართველოს მხრიდან ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების თანახმად, აქციზური გადასახადი ლუდზე უნდა შეადგენდეს 100 ლიტრზე მინიმუმ 8.5 ევროს. დღეს საქართველოში იგი უკვე შეადგენს 18.5 ევროს და აღემატება ევროკავშირის 12 ქვეყნის ანალოგიურ მაჩვენებელს (მათ შორის, გერმანიას და ჩეხეთს). დაგეგმილი ზრდის შემდეგ საქართველო გადაუსწრებს ევროკავშირის 19 წევრ ქვეყანას და ლუდზე აქციზური გადასახადის ღირებულება გაუტოლდება ევროკავშირის იმ წევრი სახელმწიფოების მაჩვენებელს, სადაც ანალოგიური გადასახადის მოცულობა მაქსიმალურია. ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებების გათვალისწინებით როგორ შეაფასებდით ფინასთა სამინისტროს მიერ გატარებულ პოლტიკას?
- გაუგებარს და დაუსაბუთებელს ვუწოდებდი!
- გამოიწვევს თუ არა აქციზის ზრდა ბაზარზე ადგილობრივ და უცხოური ლუდის გაყიდვების დაახლოებით თანაბრად შემცირებას? თუ იცნება ცალკეული კატეგორიები, რომლებსაც ეს შემცირება ნაკლებად შეეხება?
- თუ ლუდზე მოთხოვნა არაელასტიკურია, და ეს ასეც არის, განსაკუთრებით ზაფხულში, მაშინ დიდად შემცირებას არ უნდა ველოდოთ, მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ ქართული წარმოება დაზარალდება, რადგანაც იმპორტირებულებს სახელმწიფო უდგას უკან, რათა ახალი ბაზრები დაიპყრონ!
- რა არაპირდაპირ გავლენას მოახდენს აქციზის გაზრდა ქათული ლუდის (და გამოგრილებელი სასმელების) მწარმოებელი კომპანიების ექსპორტის გაფართოების გეგმებზე?
- ცხადია ნეგატიურს, ოღონდ ერთიცაა, ლარის გაუფასურება დოლართან მიმართებაში ექსპორტზე ორიენტირებულ დარგებს, მათ შორის ლუდსაც, უკეთეს პირობებს უქმნის, რადგან ლუდი დოლარებში ახლა უფრო იაფია, ვიდრე იყო!