კანადური და ხორვატიული ენერგოკომპანიები „Enegro Group Canada inc” და “B.T.R. Group LTD” შესაძლოა თბილისის გარე განათების ქსელის ეფექტურობის გაზრდის პროცესში ჩაერთონ. ორი კომპანიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა დღეს „სინათლის ქალაქის“ ხელმძღვანელობამ გამართა. უცხოური კომპანიის წარმომადგენლებმა მერიის მუნიციპალური საწარმოს ხელმძღვანელობას ელექტროგადამცემ ხაზებზე მათ მიერ წარმოებული დანადგარის დამონტაჟება შესთავაზა, რომელიც ქსელში ძაბვის სტაბილიზაციას მოახდენს. უცხოელი სტუმრების განმარტებით, დანადგარის დამონტაჟების მიზანი ელექტროენერგიის ეფექტურად გამოყენება და ქსელში მისი ხარისხის მაჩვენებლის გაზრდაა.
„სინათლის ქალაქის“ დირექტორის მოადგილის თორნიკე კიზირიას განცხადებით, აღნიშნული დანადგრი საცდელი ვადით დამონტაჟდება და დაკვირვების შედეგად სპეციალისტები მისი ეფექტურობის შესახებ საკუთარ დასკვნას წარმოადგენენ, რომელიც დედაქალაქის მთავრობას გადაეგზავნება.
თორნიკე კიზირიას თქმით, დღესვე უცხოელმა სტუმრებმა რამდენიმე ობიექტი დაათვალიერეს და საპილოტე პროგრამის განსახორციელებლად ისნის ერთ-ერთი უბანი აარჩიეს. თორნიკე კიზირიას თქმით, უცხოური საინვესტიციო ჯგუფი აღნიშნული პროექტის განხორციელებას, საკუთარი სახსრებით, უახლოეს მომავალში დაიწყებს.