სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ცოფურაშვილმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ასოციაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგში არსებულ მდგომარეობაზე, მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო გამოწვევებზე ისაუბრა.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საქართველოს სოფლის მეურნეობის პოტენციალის შესწავლის მიმართულებით. სამინისტროს შემუშავებული აქვს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია 2015-2020 და სამოქმედო პროგრამა, რომლის განხორციელებაც დარგის მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად განვითარებაზეა ორიენტირებული“, - განაცხადა გოჩა ცოფურაშვილმა. შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ რეგიონის წარმომადგენლების მხრიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
შეხვედრაზე განიხილეს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მოყვანის სპეციფიკა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობა.
საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტებში ლაბორატორიების აღჭურვის და სრულყოფილად ფუნქციონირების საკითხს. გოჩა ცოფურაშვილმა განაცხადა, რომ ლაბორატორიების განვითარება სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და ამ მიმართულებით მუშაობა, პრაქტიკულად, სრულდება.
მინისტრის მოადგილესთან შეხვედრას სამცხე-ჯავახეთის რეგიონული მედიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.