სააგენტო ინსინერატორების დამონტაჟებას გეგმავს

სააგენტო ინსინერატორების დამონტაჟებას გეგმავს

ადამიანებისა და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისა და მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსთის ეროვნული სააგენტო ინსინერატორების დამონტაჟებას იწყებს. დაავადებებისგან დაცემული ცხოველების ინსინერატორის მეშვეობით განადგურების დანერგვა, ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. სურსათის ეროვნული სააგენტო ინსინერატორების დამონტაჟებას იმერეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში გეგმავს.

ინსინერატორი - ეს არის სპეციალური წვის ღუმელი, სადაც მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით ხდება დაავადებულ ცხოველთა ლეშისა და სხვა ბიოლოგიური ნარჩენების განადგურება.

დაავადებისგან დაცემული ლეშის განადგურება უმეტეს შემთხვევაში სპეციალურ სამარხებში დამარხვით ხორციელდებოდა. ბუნებრივი კატაკლიზმებისა თუ მიწის დამუშავების დროს,  სამარხების დაზიანების და შესაბამისად, დაავადების აღმძვრელთა გავრცელების დიდი ალბათობა არსებობს. ეს კი, საფრთხის შემცველია როგორც გარემოსთვის, ასევე ადამიანის და ცხოველის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის.

სურსათის ეროვნული სააგენტოს დაგეგმილი აქვს  დაცემული ცხოველის ლეშის გადასატანი სპეციალური მანქანების შეძენა, რის შემდეგაც ბიოუსაფრთხოების წესების სრული დაცვით მოხდება  დაცემული ცხოველის ლეშისა და სხვა ბიოლოგიური ნარჩენების უსაფრთხოდ ტრანსპორტირება და მათი  ინსინერატორის მეშვეობით უნარჩენოდ განადგურება.  აღნიშნული მეთოდის დანერგვა, მინიმუმამდე შეამცირებს გარემოს დაბინძურებისა და ცოცხალი ორგანიზმების დასნებოვნების რისკს.