საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებს ნიადაგის ანალიზის ხელსაწყოები გადაეცათ

საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებს ნიადაგის ანალიზის ხელსაწყოები გადაეცათ

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია,  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორი სტივენ ჰეიკინი და დოქტორი როლანდ სმიტი, USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „ექსტენციისა და საკონსულტაციო მომსახურების გაძლიერება საქართველოში“ ხელმძღვანელი, პროექტის ფარგლებში საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლებისთვის  ნიადაგის ანალიზის ხელსაწყოებს გადაცემის ღონისძიებას დაესწრნენ.

„პროექტი რეგიონებში ექსტენციებისა და საკონსულტაციო ცენტრების განვითრებას ისახავს მიზნად. მოგეხსენებათ, აგრარულ სექტორში განათლების დონის ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტია. დარგის განვითარებისთვის ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნიადაგის კვლევა. დღეს ექსტენციის ცენტრებს პროექტის „ექსტენციისა და საკონსულტაციო მომსახურების გაძლიერება საქართველოში“ფარგლებში ნიადაგის კვლევისთვის აუცილებელი ხელსაწყოები გადაეცათ. სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების  სააგენტოს თანამშრომლობით სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მიმართულბით არაერთი პროექტი განხორციელდა. მნიშვნელოვანია, რომ სამომავლოდ უფრო ფართომასშტაბიან პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

საქართველოს სხვადასხვა რაიონის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლები ადგილობრივ ფერმერებს დაეხმარებიან, რომ მათ  მიწის ნაკვეთებში არსებული მცენარეთა ზრდისთვის აუცილებელი მკვებავი ნივთიერებების - მაგალითად, აზოტის, ფოსფორისა და კალიუმის - დონე დაადგინონ. აღნიშნული პორტატული ხელსაწყოების გამოყენება იოლია. ფერმერებს  შეუძლიათ, მოკლე დროში გაიგონ  ნიადაგის მდგომარეობა, განსაზღვრონ საჭიროებები და შესაბამისად იმოქმედონ. სასუქების სწორად გამოყენება მათ საშუალებას მისცემს გაზარდონ თავიანთი მოსავალი და თავი აარიდონ ლაბორატორიული ანალიზის მაღალ ხარჯებს. 

„სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან უკვე დიდი ხანია ვთანამშრომლობთ. ჩვენ გვინდა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დახმარება გავუწიოთ ფერმერების ცოდნისა და ინფორმირებულობის დონის გაზრდაში“, -  განაცხადა სტივ ჰაიკინმა.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 2015 წელი ნიადაგის წლად გამოაცხადა, რაც მიზნად ისახავს სასურსათო უსაფრთხოებისა და ძირითადი ეკოსისტემების ფუნქციონირებისთვის ნიადაგის მნიშვნელობის შესახებ ინფორმირებულობის ზრდას მსოფლიოში. სიმბოლურია, რომ საინფორმაციო -საკონსულტაციო სამსახურებისთვის USAID-ის მიერ ნიადაგის ანალიზის ხელსაწყოების გადაცემა წელს განხორციელდა.

“საქართველოში ექსტენციისა და საკონსულტაციო მომსახურების  გაძლიერება“ (სესმგ) ორწლიანი პროექტია, რომელიც ხორციელდება ილინოისის უნივერსიტეტის, ტეხასის A&M უნივერსიტეტისა და „ვინროკ ინთერნეშენლის“ მონაწილეობით. პროექტის მხარდასაჭერად აშშ-ის მთავრობამ, USAID-ის მეშვეობით, 2.3 მილიონი აშშ დოლარი გამოჰყო. სესმგ მიზნად ისახავს, მხარი დაუჭიროს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძალისხმევას, სოფლად პროდუქტიულობის ასამაღლებლად განავითაროს სოფლის მეურნეობის საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურების სისტემა. ამ ინიციატივის საფუძველს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 60 საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრი.