რუსეთში გასატანი პროდუქციის ჩამონათვალს, რომელიც 2013 წლის გაზაფხულიდან ეტაპობრივად იზრდება, მაღალი ფიტოსანიტარიული რისკის მცენარეული პროდუქტი - მწვანილი შეემატა. აღნიშნული გადაწყვეტილება ბერლინის "მწვანე კვირეულზე" მიიღეს, სადაც სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზაზა დოლიძემ და "როსსელხოზნადზორის" ხელმძღვანელმა სერგეი დანკვერტმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას - "საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში ფიტოსანიტარიულ კონტროლს ქვემდებარე პროდუქციის (მწვანილი) ექსპორტის განხორციელებისას სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და "როსსელხოზნადზორს" შორის ურთიერთობის პირობები".
შეთანხმების თანახმად, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და "როსსელხოზნადზორის" წარმომადგენლები მწვანილის ექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების განსახორციელებლად ჩაატარებენ ერთობლივ ფიტოსანიტარიულ პროცედურებს.
ექსპორტიორებისათვის დამატებითი ბარიერების მოხსნის მიზნით დღეს მეწარმეებმა მათი პრობლემები უშუალოდ სოფლის მეურნეობის მინისტრს გააცნეს. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ბიზნესმენებს აღუთქვა ხელშეწყობა პროცედურების გამარტივების მიზნით.
აღსანიშნავია, რომ მწვანილის ექსპორტიორებთან პირველი შეხვედრა მიმდინარე წლის იანვარში გაიმართა.