ძუძუს კიბოს თერაპიის ხელმისაწვდომობისათვის საინფორმაციო კამპანია, რომლის ორგანიზატორია პაციენტთა ორგანიზაცია "ევროპა დონა საქართველო" დაიწყო. კამპანიის სახელწოდებაა "სამიზნე სიცოცხლისთვის". ამასთან დაკავშირებით დღეს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" პრესკონფერენცია და კამპანიის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიების მიზანია საზოგადოების ინფორმირება ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ეფექტურობისა და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდის მხარდამჭერი კამპანიის შესახებ.
ღონისძიებაზე პეტიცია შეიმუშავეს, რათა საქართველოში ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტებისთვის დამიზნებით ბიოლოგიურ პრეპარატებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს. პეტიციის ხელმომწერები ითხოვენ, რომ სახელმწიფომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დააფინანსოს ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების დამიზნებითი ბიოლოგიური პრეპატარებით მკურნალობა.
ორგანიზაცია "ევროპა დონა საქართველოს" პრეზიდენტის ანა მაზანიშვილის განცხადებით, დღევანდელი დღის ერთ-ერთი მთავარი მესიჯია, რომ მკურნალობის ხელმისაწვდომობა გაიზარდოს. მისივე თქმით, კამპანიის მიზანი საზოგადოების ინფორმირებაა ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ეფექტურობისა და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდის მხარდაჭერის შესახებ.
"შევადგინეთ პეტიცია და მივმართავთ მთავრობას, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრეპარატები, რომლებიც სამკურნალოდ და სიცოცხლის გასახანგრძლივებლად გამოიყენება, დაფინანსდეს, რადგან საკმაოდ ძვირადღირებული პრეპარატები არ ფინანსდება. ყველა ქალს აქვს სიცოცხლის უფლება", - აღნიშნა ანა მაზანიშვილმა.
კიბოს კვლევის ჯგუფის ხელმძღვანელის გიორგი ძაგნიძის განცხადებით, გამოკვლევები, რომლებიც ამ სამიზნეს აღმოაჩენს, არ ფინანსდება. გიორგი ძაგნიძემ იმუნოჰისტოქიმიის გამოკვლევის დაფინანსების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისივე თქმით, კიბოთი დაავადებული პაციენტებისთვის აუცილებელი პრეპარატ "ჰერცეპტინის" ერთი ფლაკონის ღირებულება 4 500 ლარის შეადგენს. მკურნალობის კურსი კი 10-18 ფლაკონს საჭიროებს. გიორგი ძაგნიძემ გამოკველებისა და "ჰერცეპტინის" დაფინანსების აუცილებობაზე გაამახვილა ყურადღება.
ღონისძიების დასასრულს პეტიციას ხელი მოაწერეს შეხვედრაზე მყოფმა ადამიანებმა, მათ შორის არიან: ნინო ქათამაძე, ნატო მეტონიძე, ანი მიროტაძე, ნინო დარასელი, თიკო ფეიქრიშვილი, თიკა რუხაძე, ეკო ფანგანი. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში სამომავლოდ სხვადასხვა ტიპის აქტივობები იგეგმება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ „ევროპა დონა საქართველოს“ წარმომადგენლები, ექიმი-ონკოლოგები, დარგის სპეციალისტები, პაციენტები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კამპანიის მხარდამჭერები და სხვა. დარიგდა საინფორმაციო მასალები და დარგის სპეციალისტებმა, ექიმი-ონკოლოგებმა, პაციენტებმა ისაუბრეს დაავადების გამოწვევ მიზეზებზე, რისკ ფაქტორებზე, დაავადების ნაირსახეობებზე. ასევე მოსულ სტუმრებს კიბოს პრევენციის საჭირო ზომები გააცნეს.
უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ახალმა აღმოჩენებმა და ინოვაციებმა გააღრმავა ცოდნა კიბოს შესახებ. მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული დიაგნოსტიკის, სკრინინგის,
ქირურგიის, რადიოთერაპიის, ქიმიოთერაპიის, კომბინაციური და დამიზნებითი ანუ თარგეთული თერაპიის თვალსაზრისით.
დამიზნებითი თერაპიის დროს პრეპარატი უშუალოდ მიმართულია და აინჰიბირებს სიმსივნურ უჯრედში მიმდინარე პროცესს, რომელიც წამყვანი ფაქტორია ცალკეული სიმსივნეების განვითარებასა და ზრდაში. აქედან წარმოიშვა მისი სახელწოდებაც - „დამიზნებითი თერაპია“.
რადგან დამიზნებითი თერაპია სპეციფიურად მიმართულია კიბოს უჯრედებზე, ის ძალზე ეფექტურია, ნაკლებ ზიანს აყენებს ნორმალურ უჯრედებს და გააჩნია ნაკლები გვერდითი მოვლენები სტანდარტულ ქიმიოთერაპიასთან შედარებით. საქართველოში დამიზნებითი თერაპია არ არის ხელმისაწვდომი პაციენტთა უმრავლესობისთვის.