ოთარ დანელიამ ბელარუსის ვიცეპრემიერთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

ოთარ დანელიამ ბელარუსის ვიცეპრემიერთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, მინსკში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბელარუსის ვიცეპრემიერს, მიხაილ რუსის შეხვდა.  მთავარი თემა საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობოთაშორისო კომისიის მიერ მიღწეული შედეგების განხილვა იყო. მხარეებმა შეხვედრაზე იმ ძირითად მიმართულებებზე იმსჯელეს, რომლებიც მარტში საქართველოში ორმხრივი შეხვედრების დროს იქნება განხილული.

როგორც ვიცეპრემიერთან გამართული შეხვედრის დროს აღინიშნა, მარტში, საქართველოში, ორმხრივი შეხვედრების ფარგლებში გაიმართება ბიზნესფორუმი, სადაც კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ საკუთარი ქვეყნების ეკონომიკური განვითარების პექსპექტივები განიხილონ.

ოფიციალური შეხვედრის დროს, რომელიც დახურულ ფორმატში დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა, ოთარ დანლიამ და მიხაილ რუსიმ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურებასა და ტვირთბრუნვის მნიშვნელოვან ზრდაზე იმსჯელეს.

ბელარუსის ვიცეპრემიერმა ოთარ დანელიასთან შეხვედრის დროს ყურადღება საქართველოში დაგეგმილი უმაღლესი დონის შეხვედრის საკითხებზე გაამახვილა.

ბელარუსის მინისტრთა საბჭოში გამართულ შეხვედრას, საქართველო სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიასთან ერთად, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელარუსის რესუბლიკაში დავით კოტარია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ესწრებოდნენ.