უელსის სამიტის გადაწყვეტილებები საქართველოსთან დაკავშირებით დროულად მიმდინარეობს

უელსის სამიტის გადაწყვეტილებები საქართველოსთან დაკავშირებით დროულად მიმდინარეობს

საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ბოლოს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, ალექსანდერ ვერშბოუმ განაცხადა, რომ საქართველო მისაბაძი მაგალითია მთელ რეგიონში და უსაფრთხოების ექსპორტიორი.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საქართველო წარმატებით მიიწევს წინ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, რაც არის კიდეც ქვეყნის სუვერენული არჩევანი. გენერალური მდივნის მოადგილემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ალიანსის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. გადა ამისა, მან უმაღლესი შეფასება მისცა საქართველოს, როგორც უსაფრთხოების ექსპორტიორს, რაც გამოიხატება ნატოსა და ევროკავშირის ოპერაციებსა და მისიებში ქვეყნის მიერ შეტანილ წვლილში.

ნატოს ოფიციალური წარმოამდგენელი ასევე შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და განიხილა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საკითხები, საქართველოში ერთობლივი საწვრთნელი ბაზის შექმნის ჩათვლით. მისი თქმით, ეს ცენტრი დაეხმარება საქართველოს უსაფრთხოების სექტორის რეფორმირებაში, მოდერნიზაციასა და გაძლიერებაში. ვერშბოუმ გამოთქვა იმედი, რომ ბაზა წელსვე ამოქმედდება. გენერალური მდივნის მოადგილემ მოუწოდა საქართველოს დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებისკენ, კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და პროფესიონალზმის ამაღლებისკენ.

თბილისში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ სიტყვით მიმართა საქართველოს ატლანტიკურ საბჭოს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სექტემბერში, უელსის სამიტზე, ალიანსმა შეათანხმა კონკრეტული ზომებისა და ღონისძიებების შემცველი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელთა მიზანიცაა საქართველოს დახმარება უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში და პროგრესის მიღწევა ნატოში გაწევრიანების გზაზე.

„გადაწყვეტილება, რომელიც ნატოს ლიდერებმა მიიღეს 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე, ძალაში რჩება: თქვენი ქვეყანა გახდება ნატოს წევრი იმ პირობით, თუ ის უპასუხებს ყველა აუცილებელ მოთხოვნას, - განაცხადა ვერშბოუმ, - მას შემდეგ, რაც შვიდი წლის წინ ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება ბუქარესტში, საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა ამბიციური რეფორმები და სასიკეთოდ გამოიყენა ნატო-საქართველოს კომისიის მუშაობა და ჩვენი წლიური ეროვნული პროგრამა. ნატოს წევრები მიესალმებიან თქვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ასევე თქვენი შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზაციას.“

ვიზიტის დროს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ასევე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, დავით დონდუას, თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძეს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, დავით ბაქრაძეს, პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მის უწმინდესობას ილია მეორეს. ვერშბოუ ასევე ეწვია ვაზიანის საწვრთნელ ბაზას.

http://www.nato.int/cps/en/natohq/news_116968.htm