საქართველოს სამთავრობო დელეგაცია სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას ხელმძღვანელობით ბელარუსის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის მეორე სხდომა სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროში გაიმართა.
კომისიის სხდომაზე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მდგომარეობა და პერსპექტივები განიხილეს. აღინიშნა, რომ წინა წლებთან შედარებით შეიმჩნევა პოზიტიური დინამიკა, გაზრდილია ტვირთბრუნვა.
როგორც ბელარუსის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრმა ლეონიდ ზაიაცმა განაცხადა, რომ ორმხრივი სამთავრობათაშორისი შეხვედრა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი აპრილში იგეგმება. „ჩვენი შეხვერდა ერთგვარი წინამოსამზადებელი ხასიათისაა“, - განაცხადა ლეონიდ ზაიაციმ. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ეკონომიკური და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალზე. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ორი ქვეყნის მთავრობის ეკონომიკური მიმართულების წარმომადგენლებს საშუალება ეძლევათ კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღონ. სხდომაზე აღინიშნა, რომ სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, მნიშვნელოვანი იყო ნოემბერში მინსკში გამართული საერთაშორისო გამოფენა, სადაც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, ქართულ კომპანიებს პირველად მიეცათ საშუალება საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაცია ბელორუსიაში მოეხდინათ.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საქართველოში გაიხსნება ბელარუსის სავაჭრო წარმოამდგენლობა, რომელიც ბელარუსის რესპუბლიკაში წარმოებული პროდუქციის ცნობადობის ამაღლებას უზრუნველყოფს.
კომისიის სხდომაზე მხარეებმა ხელი მოაწერეს ოქმს, რომლის თანახმადაც გაააქტიურდება თანამშრომლობა შემდეგი მიმართულებებით: თევზჭერა, მეცხოველეობა, კომბინირებული საკვების, ხორცისა და რძის პროდუქტების წარმოება.
ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით სამეცნიერო-კვლევით ცენტრებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.
საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, მინისტრის მოადგილე იური ნიზაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, მთავრობის ეკონომიკური მიმართულების სხვა სამინისტროების წარმომადგენლები და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელარუსის რესპუბლიკაში დავით კოტარია.