ოთარ დანელიამ ხუან ეჩანოვესთან შეხვედრა გამართა

ოთარ დანელიამ ხუან ეჩანოვესთან შეხვედრა გამართა

დღეს, სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის ატაშესთან,  ხუან ეჩანოვესთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ევროკავშირის მიერ საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მიმდინარე პროექტები.  განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის ევროკავშირის პროგრამის“ (ENPARD) ფარგლებში არსებული პროექტების მიმდინარეობის განხილვას. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ პროგრესს, რომელიც ევროკავშირის პროექტების რეალიზაციის მიმართულებით ამჟამად არსებობს. ამასთნავე, მხარეებმა  ისაუბრეს  კომუნიკაციის გააქტიურების აუცილებლობაზე. განსაკუთრებით აღინიშნა რეგიონებისათვის ინფორმაციის დროული მიწოდების მნიშვნელობა და, ამ კუთხით, რაიონული საინფრომაციო-საკონსულტაციო სამსახურებთან თანამშრომლობის გააქტიურების საჭიროება.

ხუან ეჩანოვეს თქმით, დაგეგმილია ENPARD 2-ის პროექტის დაწყებაც, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირი მზად არის საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერა გააძლიეროს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ევროკავშირის პროექტების სხვადასხვა კომპონენტები სრულ თანხვედრაშია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ახლად შემუშავებულ სტრატეგიასთან.

ოთარ დანელიამ მადლობა გადაუხადა ხუან ეჩანოვეს გაწეული სამუშაოსთვის.  მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობით ევროკავშირის პროექტების რეალიზაციით მაქსიმალური შედეგის მიღწევა იქნება გარანტირებული.