სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოს სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს შეხვდა. შეხვედრა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გაიმართა.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ ვითარებასა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
“მიმაჩნია, რომ სახალხო დამცველის ოფისის და ჩემი უწყების ურთიერთთანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, რამეთუ ჩვენ ერთსა და იმავე ინტერესებს ვემსახურებით - ადამიანის უფლებების დაცვას და უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლებას, როგორც ციხის შიგნით, ასევე გარეთ. ჩემთვის ყოველთვის ყურადსაღებია ჯანსაღი კრიტიკა და არგუმენტირებული რეკომენდაციები, ესაა პროგრესის საფუძველი და ამის ნათელი მაგალითია დაგეგმილი რეფორმა, რომელიც სწორედ სისტემაში არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრას ემსახურება. იმედს გამოვთქვამ, რომ ასეთი შეხვედრები სისტემატურ ხასიათს მიიღებს და ინფორმაციის ურთიერთგაცვლა და კოორდინირებული მოქმედება ხელშესახებ პოზიტიურ შედეგებამდე მიგვიყვანს“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
უჩა ნანუაშვილის თქმით, შეხვედრაზე ყველა ის აქტუალური თემა განიხილეს, რომელიც ბოლო პერიოდში საზოგადოების ინტერესს წარმოადგენდა: „ჩვენ ვისაუბრეთ სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, ასევე საუბარი შეეხო ჩვენს საქმიანობას. მე ვფიქრობ, რომ ასეთი კომუნიკაცია და რეგულარული შეხვედრები მნიშვნელოვანია ინფორმაციების გაცვლისთვის“.
შეხვედრას სასჯელარსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე კახა კახიშვილი და სახალხო დამცველის მოადგილე პაატა ბელთაძე ესწრებოდნენ.