საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ნოდარ კერესელიძე სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში, ნოდარ კერესელიძე ნიდერლანდების სამეფოს ეკონომიკურ საქმეთა სამინისტროს სოფლის მეურნეობის მიმართულების მინისტრის მოადგილეს, ჰანს ჰუგევენის შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში აგრარული დარგის განვითარების მიზნით სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ ხელშემწყობ პროექტებს. ჰოლანდიელმა კოლეგებმა ინტერესი გამოთქვეს ქართულ მხარესთან ითანამშრომლონ საქართველოში მესაქონლეობის მერძევული და მეხორცული ფერმებისა და სასათბურე მეურნეობების შექნის მიმართულებით. ასევე, ყველა იმ პროექტის ფარგლებში, რომლებსაც სახელმწიფოები ერთობლივად განახორციელებენ, საქართველო მიიღებს დახმარებას ცოდნის ამაღლების კუთხით.
ამავე ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა ნიდერლანდების საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრის მოადგილესთან, საიმონს სმიტსთან. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ 2015 წლის აპრილში ჰოლანდიიდან საქართველოს ეწვევა სავაჭრო მისია, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან სოფლის მეურნეობის დარგის უმსხვილესი კომპანიები და ბიზნესსექტორის წარმოადგენლები, რომელთა ინტრესსაც საქართველოში სოფლის მეურნეობის მიმართულებით ინვესტიციების განხორციელება წარმოადგენს.
გარდა ამისა, შეხვედრები გაიმართა ORIO - ს პროექტის ხელმძღვანელობასთან. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მხარეს საშუალო და მცირე მეწარმეების მხარდაჭერის, ინფრასტრუქტურული და ინსტიტუციური განვითარების ახალ პროექტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.
ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი იყო საქართველოს საელჩოში გამართული შეხვედრა, რომელსაც სოფლის მეურნეობის მიმართულების რვა ჰოლანდიური კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. აღნიშნული კომპანიებიდან სამი საქართველოში უკვე ახორციელებს პროექტებს, ხოლო დანარჩენების წარმომადგენლები თანამშრომლობით არიან დაინტერესებულნი. საელჩოში გამართულ შეხვედრაზე ქართული დელეგაციის წევრებმა საქართველოში აგრარულ სექტორში ინვესტირების განხორციელების შესაძლებლობებზე პრეზენტაცია წარმოადგინა.