10-11 დეკემბერს, სოფლის მეურნეობის სამინისტროში, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ხელშეწყობით, აშშ-ის ეკონომიკური კვლევის ცენტრის (ERS) ექსპერტები მართავენ ტრენინგს თემაზე „მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, საქონლის ხორცის, რძის და რძის პროდუქტების ბაზრის ანალიზი და კვლევის მეთოდოლოგია“. ტრენინგს ესწრებიან სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ მეცხოველეობის სექტორის ანალიზს და ანალიტიკური დოკუმენტაციის წარმოებას.
ტრენინგის ფარგლებში, აშშ-ს ეკონომიკური კვლევის ცენტრის ექსპერტები ჯონ დანმორი და ლინდსი კუბერკა განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ფასების როლი საბაზრო ეკონომიკაში; სასოფლო-სამეურნეოს პროდუქციის ანალიზი და პროგნოზი; მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სექტორის ანალიზი და პროგნოზი; ანალიტიკური შესაძლებლობების განვითარება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, საქონლის ხორცისა და რძე და რძის პროდუქტების სექტორებისთვის.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლები გაეცნობიან საერთაშორისო გამოცდილებას მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სექტორისათვის მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის შედგენის მიმართულებით; როგორ იცვლება სასაქონლო ფასები დროის, ადგილისა და მიწოდების ჯაჭვის ცვლილებებთან ერთად და სხვა.