ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შემდეგ, გიორგი მღებრიშვილი თავის კოლეგას, ვინსკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მდივანს ედ უოლს მასპინძლობს.
სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა და მისმა ამერიკელმა კოლეგამ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებზე, მიმდინარე პროექტებსა და დაგეგმილ ძირეულ რეფორმაზე ისაუბრეს.
ვიზიტის ფარგლებში ედ უოლი თავისუფლების შეზღუდვისა და დაბალი რისკის დაწესებულებებს მოინახულებს, ასევე ადგილზე გაეცნობა სასჯელაღსრულების დაწესებულებების ადმინისტრირების საკითხს.
საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტრო ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების სისტემასთან 2014 წლიდან მჭიდროდ თანამშრომლობს. ვისკონსინის შტატის დელეგაცია გამოცდილების გაზიარებისა და მიმდინარე რეფორმების განხორციელების პროცესში დახმარების მიზნით, საქართველოს მიმდინარე წლის სექტემბერში ეწვია.
ამერიკელი კოლეგები ქართულ მხარეს კონსულტაციებს უწევენ დაწესებულებათა ადმინისტრირების ასპექტებთან დაკავშირებით, მათ შორისაა სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვა, მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია, მულტიდისციპლინური ჯგუფის მენეჯმენტი, დაწესებულებათა მართვის საკითები და კომუნიკაცია.
ვისკონსინელი კოლეგები სასჯელაღსრულების სისტემის მენეჯერებს დახმარებას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში უწევენ. აღნიშნული მემორანდუმით აშშ-ის საერთაშორისო ნარკოტიკებისა და კანონის აღსრულების საქმეთა ბიურო (INL) საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში 2-წლიან პროექტს განახორციელებს. ამერიკის მთავრობამ მიმდინარე წლის სექტემბერში აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზნით 1 მილიონი დოლარი გამოყო.