დღეს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში არაბეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციას უმასპინძლეს.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით თანამშრომლობის პესპექტივები განიხილეს.
“სოფლის მეურნეობის დარგი საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენი მიზანია თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისი, მაღალხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდა, საექსპორტო ბაზრების გაფართოება და სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტიციების მოზიდვა“, - განაცხადა შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, არაბეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია საქართველოს რეგიონებსაც ეწვევა. დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები ბათუმში, ფოთში და ქუთაისში. არაბი სტუმრები მოინახულებენ ცხვრისა და საქონლის ფერმას, ცხოველთა საკარანტინო ზონას. დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნობიან ცხოველების ექსპორტთან დაკავშირებულ პროცედურებს.
არაბეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მათი ვიზიტის მიზანია საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ქართულ მხარესთან ერთობლივი პროექტების რეალიზაციის შესაძლებლობების განხილვა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მეცხოველეობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.
არაბეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციასთან შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე მიხეილ სოხაძე ესწრებოდა.