პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორდღიან (28–29 ნოემბერი) საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში არაერთი მაღალი რანგის უცხოელი სტუმარი და ცნობილი ექსპერტები მონაწილეობდა. ისინი მაღალ შეფასებას აძლევენ პრობაციის ეროვნულ სააგენტოში განხორციელებულ რეფორმებს და კმაყოფილებას გამოთქვანენ იმ პროგრესით, რომელსაც სააგენტომ მიაღწია „საზოგადოებრივი სანქციებისა და ღონისძიებების ევროპულ მოდელთან მიახლოების კუთხით".
მარკ სერონი, პრობაციის ევროპული კონფედერაციის (CEP) პრეზიდენტი:
„მე უკვე მესამედ ვარ საქართველოში და ყოველ ჩამოსვლაზე უფრო მეტს ვგებულობ ამ ქვეყანაში პრობაციის სერვისების შესახებ. საოცარია, როდესაც ხედავ, ყოველწლიურად როგორ მატულობს ინოვაციები და პროექტები ამ სფეროში. ეს ნიშნავს, რომ ქართული პრობაციის სისტემა უახლოვდება ევროპულ სტანდარტებს. ქართულ პრობაციის სისტემას აღებული აქვს ერთ-ერთ ყველაზე სწორი კურსი მთელ რეგიონში. სწორი კურსით სიარული კი ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით. მიმაჩნია, რომ კონფერენციის თემა „მომზადება საზოგადოებაში რეინტეგრაციისთვის" სწორედ არის შერჩეული, რადგან ეს საკითხი პრობაციის სისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მიხარია აქ ყოფნა და ვიმედოვნებ, რომ ამ ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული გამომსვლელების განსხვავებული მოსაზრებების გაზიარება და ცოდნის გაცვლა კიდევ უფრო გააუმჯობესებს პრობაციის სერვისებს საქართველოში".
რანდელ ბაროუზი, Human dynamics-ის მთავარი ექსპერტი პრობაციის საკითხებში:
„საქართველოს პრობაციის სააგენტო არის დინამიური, მომავალზე ორიენტირებული ორგანიზაცია, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია მართლმსაჯულების რეფორმაში. მან მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია საზოგადოებრივი სანქციებისა და ღონისძიებების ევროპულ მოდელთან მიახლოების კუთხით. სააგენტო დაკომპლექტებულია ახალგაზრდა, ენთუზიაზმით სავსე და შრომისმოყვარე თანამშრომლებით, რომლებიც დადებითად რეაგირებენ ახალ მეთოდებზე და გულწრფელად ცდილობენ რეაბილიტაციის იდეის განხორციელებას.
გამოწვევები კვლავაც არსებობს, მაგრამ ისინი, ძირითადად, უფრო შესაძლებლობებს ქმნის, ვიდრე საფრთხეებს ..... ჩემთვის დიდი პატივი და სიამოვნება იყო ბოლო 2 წლის მანძილზე ამ სააგენტოსთან მუშაობა".