საქართველოს პრეზიდენტმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონს ვეტო დაადო
მოგესალმებით!
დღეს ჩვენ მოგიწვიეთ ფარული მიყურადების თაობაზე მიღებულ კანონებთან დაკავშირებით.
უპირველეს ყოვლისა, მსურს გამოვთქვა კმაყოფილება იმ პროცესით, რომელიც ამ კანონების მიღების ირგვლივ წარიმართა.
იყო პოლიტიკური ძალებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩაბმულობა, დებატები, აქ იყო ის, რასაც ჰქვია ქართული დემოკრატია.
ყველა მხარე ცდილობდა, რომ თავისი წვლილი შეეტანა უკეთესი ქვეყნის ჩამოყალიბებაში.
სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივიღეთ სწორი ბალანსი დაცულობასა და ადამიანის უფლებებს შორის.
აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ კანონებს ვადებთ ვეტოს და პარლამენტს ვთავაზობთ ახალ ვარიანტს, რომელშიც ფუნქციური გადანაწილება იქნება დაცული.
ეს ნიშნავს, რომ მიყურადებას განახორციელებენ უფლებამოსილი ორგანოები, მიყურადების გახსნის ნებართვას (ანუ „გასაღების გადატრიალება") გასცემს სასამართლო, ხოლო ამ პროცესზე ზედამხედველობას განახორციელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი.
ეს არის მოდელი, რომელშიც ფუნქციები სწორად არის გადანაწილებული და უზრუნველყოფს იმას, რომ ბალანსი ადამიანის უფლებათა და სახელმწიფო ინტერესებს შორის იყოს დაცული.
იმედი მაქვს, რომ საქართველოს პარლამენტი გაიზიარებს ამ პოზიციას.
გმადლობთ.