28–29 ნოემბერს სასტუმრო „რედისონში" მიმდინარეობს ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია – „პრობაციის ეროვნული სააგენტო: რეალობა და გამოწვევები". ღონისძიებაში მონაწილეობენ: სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ხელმძღვანელები, პრობაციის ევროპული კონფედერაციის (CEP) პრეზიდენტი მარკ სერონი, საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წევრები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ამერიკელი და ევროპელი ექსპერტები.
კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პრობაციის ეროვნულ სააგენტოში სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს შექმნისა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ამოქმედების საკითხებს, რაც საქართველოს სამართლებრივ სისტემაში სიახლეს წარმოადგენს. უცხოელი ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ მათ ქვეყნებში არსებული ანალოგიური ტიპის დაწესებულების ფუნქციონირებაზე, სტრუქტურასა და მართვის პრაქტიკულ ასპექტებზე, აგრეთვე, სოციალური სამსახურის როლზე მსჯავრდებულის რეაბილიტაციის პროცესში.
პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი არსოშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო სააგენტოში განხორციელებული რეფორმების შედეგები, მიღწევები და განვითარების სტრატეგიული გეგმა, რომლის მიხედვით, სისტემის ადმინისტრაციული შესაძლებლობების განვითარებასა და საკანონმდებლო ბაზის სრულყოფასთან ერთად, პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება არასაპატიმრო სასჯელთა ეფექტური აღსრულება, პირობით მსჯავრდებულთა კონტროლის მექანიზმების განვითარება და თავისთავად სარეაბილიტაციო აქტივობების მხარდაჭერა.
კონფერენციის მიმდინარეობისას, შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რომლებიც მოამზადებენ რეკომენდაციებს თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ეფექტური მართვისა და პრობაციონერებისათვის სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელების საკითხებზე.
საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს პრობაციის სისტემის მიღწევები და გამოწვევები" ამერიკის ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს (INL) მხარდაჭერით ტარდება.