საქართველოს დასავლური გეზი უცვლელია

საქართველოს დასავლური გეზი უცვლელია

ბოლო კვირებში საქართველოში განვითარებული შიდა პოლიტიკური მოვლენები საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ჩემი მთავრობის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ გადაწყვიტა 2016 წლის არჩევნებისკენ მიმავალ გზაზე დამოუკიდებლად ევლო, არჩევანი კი გაბედულ, მაგრამ რისკიან სტრატეგიაზე შეაჩერა: მისი თქმით, საქართველო დგას რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევის საფრთხის წინაშე.

ეს არგუმენტი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს და მიუთითებს მხოლოდ ერთზე: ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა იმდენად არსებითია საქართველოს ეროვნული იდენტობისთვის, რომ ყველა პოლიტიკოსი და პოლიტიკური პარტია გააფთრებით იღწვის „ყველაზე პროდასავლური“ რეპუტაციის მოსახვეჭად. საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას განსაზღვრავს არა ამა თუ იმ პირთა ჯგუფი ან, თუნდაც, მთავრობა, არამედ საქართველოს პარლამენტი, და ამ საკითხზე არსებობს მტკიცე პართიათაშორისი კონსენსუსი. ის ასევე ასახავს ქართველი ხალხის ურყევ ნებას, რომლის 80% სტაბილურად და არაორაზროვნად უჭერს მხარს ევროპულ ოჯახში ერთხელ და სამუდამოდ დაბრუნებას. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა ურყევი და შეუქცევადია.

მიუხედავად ამისა, საერთაშორისო ასპარეზზე, მეზობლებზე რუსეთის გავლენასთან დაკავშირებული ფართოდ გავრცელებული შიშებისა და საქართველოში მიმდინარე მოვლენების უკრაინაში არსებული სიტუაციის ჩრდილში მოქცევის გათვალისწინებით (რაც გასაგებია, თუმცა კი სამწუხარო), განგაში ჩვენს საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით მომძლავრებულია.

ასევე ვერ უძლებს კრიტიკას ჩემი მთავრობის კრიტიკოსთა კიდევ ერთი ბრალდება, რომ პროკურატურის მიერ შესყიდვებთან დაკავშირებული საქმის გამოძიება, რომელშიც ჩართული იყვნენ თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირები, არის შერჩევითი სამართლის მაგალითი. როგორც ჩანს, „შერჩევითი სამართლის“ ცნებამ უკვე გადააბიჯა ყოფილი თანამდებობის პირთა საქმეების პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიების ფარგლებს და დღეს ვრცელდება მართლმსაჯულების ნებისმიერ პროცესზე, რომელიც არასასურველია მათთვის, ვისაც თანაგრძნობით უსმენენ საზღვარგარეთ. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჩემი მთავრობა აწყდება ოპოზიციური პარტიების ტაქტიკას, ითამაშონ უცხოელთა გრძნობებზე შიდა პოლიტიკური საკითხების მიმართ. ჩვენ დავამკვიდრეთ თავისუფალი, პლურალისტური და აქტიური დემოკრატია. ჩვენ ვამაყობთ ამ მიღწევით და მივესალმებით კრიტიკას. მეორე მხრივ, თუ კრიტიკას ზურგს არ უმაგრებს ფაქტები და ის უპასუხო დარჩა, დიდი საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ.

ეს მთავრობა, რომელიც ინარჩუნებს მტკიცე დემოკრატიულ მანდატს, არ დაუშვებს, რომ პროკურატურის დამოუკიდებლობა და კანონის უზენაესობა საფრთხის ქვეშ დადგეს. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, აუცილებელია ყველა დანაშაულის გამოძიება, ხოლო ყველა ბრალდებული უდანაშაულოა, სანამ მათ ბრალეულობას არ დაადგენს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე სასამართლო. ბრალდებები სამართლის ბოროტად გამოყენების შესახებ უნდა ეყრდნობოდეს ფაქტებს. ჩვენ ვაცნობიერებთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, ჩვენი მოქმედება აღქმულიც კი არ იყოს, როგორც შერჩევითი სამართალი, მაგრამ, ამავე დროს, აღქმული არ უნდა შეგვეშალოს ფაქტებში.

ფაქტები კი, აი, რას მეტყველებს: ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ გავატარეთ სასამართლო სისტემის ძირეული რეფორმა, უზრუნველვყავით მოსამართლეთა დამოუკიდებლობა, განვამტკიცეთ ბრალდებულთა უფლებები და სასამართლოს კარი გავუღეთ მედიასა და საერთაშორისო დამკვირვებლებს. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ყოფილ პროკურორთა საერთაშორისო ჯგუფი, რომელიც განიხილავს საქმეებს ბრალდების წაყენებამდე.

ჩვენ არ დავუშვებთ, რომ უსაფუძვლო განგაშმა ხელი შეუშალოს ჩვენს რეფორმებსა და ევროინტეგრაციას. ამ ხელისუფლების მიდგომა იმთავითვე იყო ის, რომ გადაგვედგა კონკრეტული ნაბიჯები ჩვენი ხალხის ცხოვრების გასაუმჯობესებლად და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძირითადი კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად. ივნისში ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის შესახებ მოლაპარაკებებიც  სარეკორდო დროში დასრულდა. დღეს ჩვენ უკვე ვახორციელებთ ამ ხელშეკრულებას. სექტემბერში საქართველო იყო ერთ-ერთი ნატოს იმ ხუთ პარტნიორს შორის, რომლებსაც მიენიჭათ ალიანსის გაზრდილი შესაძლებლობების პარტნიორის სტატუსი.

მოსალოდნელია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იქცევა კიდევ ერთ მნიშვნელოვან მოვლენად საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში და ჩვენ იმედის თვალით შევყურებთ წინასაარჩევნო ბრძოლას. ამასობაში კი ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხისთვის მიცემული დაპირებებისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას. ოპოზიციის კრიტიკული, მაგრამ, ამავე დროს, კონსტრუქციული მხარდაჭერა კი მისასალმებელი იქნებოდა.

http://online.wsj.com/articles/georgia-remains-westward-bound-1417030010