საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზაზა მეფარიშვილი, ევროკავშირის წარმომადგენლები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ლაბორატორიის, აგრეთვე შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელები, მედიის წარმომადგენლებთან ერთად საზეიმოდ გახსნიან სურსათის ეროვნული სააგენტის იმერეთის ახალ რეგიონულ ოფისს.
ამიერიდან ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება, სრულყოფილად ისარგებლოს ყველა იმ სერვისით, რასაც მას სურსათის ეროვნული სააგენტო სთავაზობს. სურსათის უვნებლობა, ვეტერინარია, მცენარეთა დაცვა ის სფეროებია, რომელთა სახელმწიფო კონტროლს სააგენტო ახორციელებს. ქუთაისის რეგიონული სამსახური იმერეთში უზრუნველყოფს მავნე სურსათის გამოვლენასა და განადგურებას, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვასა და ეპიდაფეთქებების ლიკვიდაციას, სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვას მავნე ორგანიზმებისაგან და სხვ.
მიმდინარე წელს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, დეპარტამენტებსა და რეგიონულ სამსახურებს არაერთი მაღალკვალიფიციური სპეციალისტი დაემატა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს და ეფექტიანს გახდის სააგენტოს მუშაობას.
ახალი ოფისი ,,ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CIB)“ დახმარებით აშენდა.
გახსნის საზეიმო ცერემონიის შემდეგ ოთარ დანელია და ნოდარ ხადური ხელს მოაწერენ ,,კარწახის“, ,,ფოთის პორტისა“ და ,,სარფის (ადლია)“ სასაზღვრო ინსპექციის პუნქტებში ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის გაუმჯობესების მხარდამჭერ მემორანდუმს.