სოფლის მეურნეობის სამინისტროში ცხოველთა ჯანმრთელობის პროგრამის სამეთვალყურეო საბჭოს მე-18 სხდომა გაიმართა. ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ გახსნა. მან საბჭოს წევრებს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე წარუდგინა, რომელიც დღეიდან ცხოველთა ჯანმრთელობის პროგრამის სამეთვალყურეო საბჭოს უხელმძღვანელებს.
სხდომაზე განიხილეს 2014 წლის განმავლობაში ცხოველთა დაავადებების ზედამხედველობის მიმართულებით ჩატარებული ღონისძიებები და კონტროლის მექანიზმები. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიმდინარე წელს შესრულებული სამუშაოს ანგარიში წარმოადგინეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, ფერმერთა ასოციაციის, ასევე ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA), შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA), ევროკავშირის (EU), გაერთიანებული ერების სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), საფრთხეების შემცირების თავდაცვის სააგენტოს (DTRA) და სხვა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ცხოველთა ჯანმრთელობის სამეთვალყურეო საბჭო წარმოადგენს ცხოველთა ჯანმრთელობის აქტივობების კოორდინატორს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრს, საერთაშორისო დონორებსა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის.
ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამა ითვალისწინებს ვეტერინარიისა და უვნებელი სურსათის წარმოების ხელშეწყობას, ცხოველთა ჯანმრთელობისა და ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის დაცვას, სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის - ვეტერინარიისა და ზოგადად, მეცხოველეობის განვითარებას.