ბიზნესმენი ძალოვ სტრუქტურებში დარჩენილ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს „საქართველოს ბანკთან“ ერთად ქონების წართმევაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მასზე ზეწოლას გამომძიებელი ბექა ბასილაია ახორციელებდა, რომელიც დღეს ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატია.
შოშიაშვილის განცხადებით, იგი მთავარ პროკურატურაში 2012 წლის აპრილში დაიბარეს, სადაც მას ბექა ბასილია რამდენჯერმე შეხვდა. როგორც ვალერი შოშიაშვილი იხსენებს, ერთ-ერთი შეხვედრის დროს ბასილაიამ მას უთხრა, რომ ადვოკატის გამოძახებას აზრი არ ჰქონდა, უნდა გაკეთებინა ის, რასაც ეტყოდნენ და ოქმზე მოაწერინა ხელი.
ამასთან, ვალერი შოშიაშვილის განცხადებით, მას გრემის კულტურის სახლი აუქციონზე იძულებით 700 000 ლარად აყიდინეს მაშინ, როდესაც აუდიტის დასკვნის მიხედვით, ქონების ღირებულება 8121 ლარი იყო, შემდეგ კი დამატებით 300 000 ლარს სთხოვდნენ. შოშიაშვილის თქმით, ბასილაიამ თვითონ დარეკა „საქართველოს ბანკში“ და მისი თხოვნის საფუძველზე 2012 წლის 2 ივნისს შოშიაშვილს 700 000 ლარის ოდენობით კრედიტი დაუმტკიცდა.
„2012 წლის 19 ოქტომბერს ისევ დამიბარა ბექა ბასილაიამ და მითხრა, რომ გადამეხადა 2000 ლარი დარჩენილი 300 000 ლარის ნაცვლად, რის სანაცვლოდაც პროკურატურა გამიფორმებდა საპროცესო შეთანხმებას ან განრიდებას, რაზეც მე უარი ვუთხარი“, - განაცხადა შოშიაშვილმა და აღნიშნა, რომ მისმა კომპანიებმა ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსნების მითითებით ორი წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობისა“ და ასევე მისი სატელიტი პარტიების ანგარიშებზე თანხა რამდენჯერმე ჩარიცხეს.
შოშიაშვილის განცხადებით, ახალი ხელისუფლების პირობებში - 2012 წლის ნოემბერში მან მთავარ პროკურატურას და შსს-ს მიმართა, თუმცა არანაირი რეაგირება არ მომხდარა.
„ფაქტობრივად, მოხდა ის, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა ჩანაფიქრი „საქართველოს ბანკთან“ ერთად. მათი სურვილი იყო აღნიშნული თანხის გარდა მთელი ჩემს საკუთრებაში არსებული ქონება მათი საკუთრება გამხდარიყო. სწორედ აქეთკენ მიდის დღევანდელი მდგომარეობით საქმე. ბექა ბასილაია „ნაციონალური მოძრაობის“ უფლებების დამცველად იქცა. „საქართველოს ბანკმა“ დაიწყო მოქმედებები ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, „საქართველოს ბანკი“ შეთანხმებულად მოქმედებს დღესაც ძალოვან სტრუქტურებში წამყვან თანამდებობებზე დარჩენილი „ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავე წევრებთან, რამაც დღევანდელი მდგომარეობა გამოიწვია“, - განაცხადა შოშიაშვილმა.