სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ვისკონსინის შტატის ოშკოშის სასჯელაღსრულების საშუალო რისკის დაწესებულებას ესტუმრა.
მასპინძლებმა ქართულ დელეგაციას დაწესებულებაში დანერგილი ფსიქო-სარეაბილიტაციო და მსჯავრდებულების რესოციალიზაციისთვის შექმნილი პროგრამები გააცნეს.
ოშკოშის სასჯელაღსრულების დაწესებულების მსჯავრდებულებს შესაძლებლობა ეძლევათ შეისწავლონ კომპიუტერული პროგრამები, ბრაილის შრიფტი, კულინარია, მებაღეობა, მებოსტნეობა. დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ პურის საცხობში თავად მსჯავრდებულები არიან დასაქმებულნი. დანერგილია ძაღლების წვრთნის პროგრამაც - მსჯავრდებულები ძაღლებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების დასახმარებლად წვრთნიან.
სარეაბილიტაციო მიმართულება მოიცავს ისეთ პროგრამებს, როგორიცაა ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებული პატიმრების მკურნალობა, სტრესის მართვა და ა.შ.
აღნიშნულ დაწესებულებაში 507 თანამშრომელი მუშაობს, ხოლო სასჯელს 2 039 მსჯავრდებული იხდის.