საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარადჭერით, შპს „მარცვლეულის ლოგისტიკის კომპანია“ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებთან ერთად, ჯიშთა გამოცდის პროექტს ახორციელებს, რაც, სამომავლოდ, ქვეყანაში დარაიონებული და გამოცდილი ჯიშების გავრცელებას უზრუნველყოფს. ადგილობრივი ბაზრისთვის რეპროდუქციული თესლის მიწოდების დარეგულირების მიზნით, უახლოეს ხანში, აღნიშნული მიმართულების საკანონმდებლო ბაზაზე დაიწყება მუშაობა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მალე მუშაობა დაიწყება სამრეწველო თესლის წარმოების პროგრამაზეც, რაც თავის თავში ფერმერისათვის ხარისხიანი თესლის მიწოდებას გულისხმობს და სამ წელიწადში ქვეყნის ბაზარზე სამრეწველო მარცვალზე არსებულ მოთხოვნას დააკმაყოფილებს.
მიმდინარე წელს ელიტური თესლი კრასნოდარსკაია 99 დედოფლისწყაროსა და გორის რაიონებში დაითესება, კერძოდ, შირაქსა და შინდისში. მოწეული მოსავლიდან დამზადდება პირველი რეპროდუქციული სათესლე მასალა, რომელიც ფერმერებს გადაეცემათ.
აღნიშნულ პროგრამაში ჩართულნი არიან სწავლული აგრონომები, რომლებიც თავად განახორციელებენ სრულ აგროღონისძიებებს, მოეწყობა მინდვრის დღეები, სადაც მოწვეულები იქნებიან ფერმერები და მოხდება მათთვის გამოცდილების გაზიარება. აღნიშნული პროექტი გაგრძელდება მანამდე, სანამ ქვეყნის ბაზარზე სამრეწველო მარცვალზე არსებული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
,,დღეისათვის საქართველოში ხარისხიანი სათესლე მარცვლეული კულტურების (ხორბალი, ქერი, ჭვავი და ა.შ) დეფიციტი არსებობს. ამდენად სათესლე მასალის წარმოებასთან დაწყებული საქმიანობა დროულია და ხელს შეუწყობს საქართველოში მარცვლეული კულტურების წარმოების ეფექტიან განვითარებას. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაიწყო პირველადი მეთესლეობა და მომავალ წელს ცენტრში შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე, საქართველოში მეცნიერულად იქნება უზრუნველყოფილი სათესლე მარცვლეული კულტურების ჯიშები“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ.